მოქალაქეების ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ მზად არის, ნიკა მელიას გირაოს გადასახდელად თავისი ხელფასი გადარიცხოს. მისი თქმით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა "გულზე სულაც არ ეხატება", მაგრამ ნიკა მელიას მიმართ პირადი დამოკიდებულების გამო მზად არის, ეს ნაბიჯი გადადგას, ვინაიდან "ზედმეტი 30 ათასი ლარი" არავის აქვს.
"ჩვენ, რა თქმა უნდა, ამას [მხარს არ დავუჭერთ, იმიტომ, რომ არ არის სწორი, როგორც არ უნდა გულზე არ გეხატებოდეს, ოპოზიციური პარტიის ხელმძღვანელისთვის იმუნიტეტის შეჩერება არ არის ნორმალური.
რაც შეეხება ნიკას - ამას წინათ ეთერით მე მომმართა და თქვა, რომ ერთხელ უკვე გადავიხადე გირაოო, ახლა კიდევ დამაკისრესო და ამდენი თანხა არ მაქვს, რომ მეორედ გადავიხადოო. 30 ათასი ლარი ზედმეტი არავის აქვს, მით უმეტეს მეც არ მაქვს, მაგრამ ნიკასადმი ჩემი ადამიანური დამოკიდებულების გათვალისწინებით, მზად ვარ, ჩემი ხელფასი გადავრიცხო. ეს 30 ათასი ლარი არ არის, სიმართლე ვთქვა, არც ვიცი, რამდენია. არა იმიტომ, რომ ნაციონალური მოძრაობა გულზე მეხატება. დღეს რასაც ვლაპარაკობთ და ყველანი ვლაპარაკობთ, რომ აბსურდული ბრალი აქვს წარდგენილი, ეს არის ნაციონალური მოძრაობის შექმნილი სისტემის შედეგი", - თქვა ელისაშვილმა.