"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ მეათე მოწვევის პარლამენტი კვლავ შეასრულებს ბიძინა ივანიშვილის დავალებას და "ქართული ოცნების" უმრავლესობა მისი უფლებამოსილების შეწყვეტის გადაწყვეტილებას მიიღებს.
ნიკა მელია მის წინაღმდეგ წარმოებულ საქმეს პოლიტიკურად აფასებს და ამბობს, რომ სასამართლო და აღმასრულებელი ხელისუფლება ორკესტრირებულად მოქმედებს.
"პარლამენტის წევრები, რომლებიც შემორჩენილი არიან მეათე მოწვევის პარლამენტში თუ გააუმჯობესებენ თავიან რეკორდს და მეორეჯერ თუ დაიჭერენ კაცს, კოლეგა - კოლეგას, ეს მაინტერესებს და ახლად შესული ადამიანები მაინტერესებს, ეს ერთადერთი სპორტული ინტერესი მაქვს, ვინმე თუ აღმოჩნდება, ერთი ადამიანი მაინც, ვინც თავს შეიკავებს. ყველა სახელისუფლებო შტო, საპარლამენტო, აღმასრულებელი და სასამართლო არის ორკესტრირებული და ხმაშეწყობილად მოქმედებენ, ამიტომ განსხვავებულ პოზიციებს არ უნდა ველოდებოდეთ“,- განაცხადა ნიკა მელიამ.
ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის შესახებ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე იმსჯელებენ. საკითხს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს და კენჭისყრაზე, სავარაუდოდ, უკვე ხვალ გაიტანს.
მმართველი გუნდი მზად არის, იმუნიტეტის მოხსნას მხარი დაუჭიროს. იმუნიტეტის მოხსნის შუამდგომლობით საკანონმდებლო ორგანოს პროკურატურამ მიმართა. საგამოძიებო უწყებას სადეპუტატო უფლებამოსილების გაუქმება მელიასთვის აღმკვეთი ღონისძიების შესაცვლელად სჭირდება.