„ნიკა მელიას საქმე, რომელიც ჩემთვის არის ძალიან მნიშვნელოვნად დაკავშირებული და პირდაპირ კავშირში გავრილოვის საქმესთან, ანუ გავრილოვის დავალებასთან, კარასინის და პუტინის დავალებასთან, რომ დაესაჯათ ყველა ჩვენი მეგობარი და საქართველოს მოქალაქე, ვინც გააპროტესტა გავრილოვის ჩამოსვლა და გააძევა ქვეყნიდან, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ეს არის კიდევ ერთი თვალხილული მაგალითი იმის, რომ საქართველოში არსებობს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მართლმსაჯულება.
„პოლიტიკური ოპონენტების დევნისთვის, პოლიტიკური რეპრესიებისთვის გამოიყენება პროკურატურა, სასამართლო და პარლამენტი. არ არსებობს სასამართლო, არ არსებობს პარლამენტი. ამიტომ მორჩილი უმრავლესობა რას გადაწყვეტს, თუ როგორ გადაწყვეტს, რომელ ღილაკს დააჭერს ხელს, ეს რასაკვირველია იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება, ისევე როგორც სასამართლოში მიღებული გადაწყვეტილება იქნება პოლიტიკური. ერთი მინდა შევპირდე „ქართულ ოცნებას“ და ვფიქრობ, ძალიან სწორი ვიქნები ამ შეფასებაში, რომ ნიკა მელიას დაკავება, დაჭერა არ არის მარტივი. არ არის მარტივი, რადგან ზოგადად, თავისუფლებისთვის ბრძოლა და თავისუფლებისთვის ბრძოლაში უამრავი ადამიანი, ვინც გავრილოვს აპროტესტებდა, ამ ადამიანების დასჯას ნიშნავს. ამიტომ მე ვერ გეტყვით, როგორ განვითარდება მოვლენები. ერთი შემიძლია გითხრათ – მელიამ თქვა ზუსტად, რომ გავრილოვის გირაოს გადახდა, გავრილოვის დავალებების შესრულება ეს მიდის იმ ღირსების წინააღმდეგ, რომელიც გვაქვს თითოეულ ჩვენგანს, რომელიც ვართ ამ ბრძოლაში“,- აღნიშნა დეკანოიძემ.