გიგი უგულავა ამბობს, რომ ნიკა მელიას გირაო სინამდვილეში გავრილოვის ხარკია, საზოგადოებას კი ეს ვალი არ აქვს და არც გადაიხდის.
"ნიკა მელიას გირაო სინამდვილეში არის გავრილოვის ხარკი. ჩვენ საქართველოს თავისუფალ საზოგადოებას გავრილოვის ვალი არ გვაქვს და ხარკსაც არავის გადავუხდით. საქართველოს პოლიციამ კი გადაწყვიტოს, მხარესაა, გავრილოვის თუ საკუთარი ხალხის", - დაწერა უგულავამ ფეისბუქზე.
პროკურატურა ნიკა მელიას 20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას ედავება. 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 30 000 ლარი და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, ელექტრონული მონიტორინგი.
1-ლი ნოემბრის აქციაზე ნიკა მელიამ სამაჯური მოიხსნა და გადააგდო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით, მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიება გამკაცრდა და გირაოს ოდენობა გაიზარდა 40 000 ლარამდე. მელია სწორედ გირაოს გადახდას არ აპირებს. პროკურატურამ პარლამენტს ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნისთვის მიმართა.
საპარლამენტო უმრავლესობამ განაცხადა, რომ ისინი მზად არის ნიკა მელიას სადეპუტატო უმინიტეტი მიუხსნან.