პარტია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია, ამბობს, რომ 40 000 ლარის გირაოს გადახდას არ აპირებს. ის, გადაწყვეტილებას უსამართლოს უწოდებს და აცხადებს, რომ მას არ დაემორჩილება.
"ძალიან მარტივ მაგალითს მოგიყვანთ, რატომ ტყუის ხელისუფლება და როცა უნდა ხან მეუბნება გადაიხადე 40 000 ლარი დამატებით, როცა გადახდილი მაქვს გირაო და კითხვაზე, როცა ისინი საუბრობენ, კი მაგრამ მელიამ არ უნდა გადაიხადოს გირაო? გადახდილი მაქვს ჩემო მეგობრებო გირაო 30 000 ლარის ოდენობით ერთხელ უკვე და მეორეჯერ, ახლა რომ მთხოვენ გადაიხადე 40 000 ლარი ხვალ 100 000-ს მეტყვიან, მაზეგ 150 000-ს, მერე მეტყვიან სამაჯური ყელზე შეიბი და უნდა დავემორჩილო? არ დავემორჩილები, იმიტომ რომ ეს არის უსამართლობა და ვალდებული ვარ, მორალი არ მკარნახობს, რომ უსამართლობას დავემორჩილო,“ - ამბობს ნიკა მელია.
მელია ამბობს, რომ გირაოს არ გადაიხდის და აღნიშნავს, რომ ასეთი ამაყი არასდროს ყოფილა, რადგან მის უკან, სიმართლე დგას.
"ვადა ამოიწურა, მე უკანონო, უსამართლო გირაო არ გადავიხადე და არც გადავიხდი, იმიტომ რომ როგორც არასოდეს, ვარ მართალი ჩემს მეგობრებთან ერთად და ასი ათასობით საქართველოს მოქალაქესთან ერთად და ჩემი გასამართლებით და ჩემი გასამართლებით, თქვენ ნიკა მელიას კი არ ასამართლებთ, თქვენ თავისუფლების იდეას ასამართლებთ. იმ ადამიანებს ასამართლებთ, ვინც გაბედა და 20 ივნისს გამოვიდა და გითხრათ, რომ რატომ ჩასვით მტერი სახელმწიფოს ერთ-ერთი წარმომადგენელი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში. ეს არის მთავარი სათქმელი, რაც მინდოდა მეთქვა. არასოდეს ისე ამაყი არ ვყოფილვარ, როგორც ვარ ამ სიბინძურესთან ბრძოლისას, იმიტომ რომ მართალი ადამიანი არის ძალიან ძლიერი ადამიანი და იმდენად ძლიერი ვარ, რომ ასე მგონია, რომ ტყვიაც რომ მესროლონ, მკერდით გავუჩერებ, იმიტომ რომ ჩემს უკან არის მორალი, ზნეობა, სიმართლე და ამ ქვეყნის სიყვარული,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.