ევროპული საქართველოს ლიდერი, დავით ბაქრაძე, პარტიის შიგნით სტრუქტურულ გადაადგილებაზე საუბრობს.
ბაქრაძის თქმით, დღეს საზოგადოების განწყობა არის მკაფიო, რომ მთელი ოპოზიციური სპექტრისგან, საზოგადოება ელოდება სიახლეებს, ელოდება ახალ ხედვას და განახლებას.
ბაქრაძემ აღნიშნა, რომ ჯერ-ჯერობით პარტიაში მიდის მსჯელობა სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, თუ რა ტიპის სტრუქტურული ცვლილებები უნდა მოხდეს პარტიაში და რა უნდა იყოს სამომავლო გეგმები, ხოლო ამის შესახებ საზოგადოება უახლოეს დღეებში გაიგებს ყველაფერს.
„პოლიტიკურ პარტიას, ისე როგორც ნებისმიერ ცოცხალ ორგანიზმს, მუდმივად სჭირდება განახლება და დღეს საზოგადოების განწყობა არის ძალიან მკაფიო, რომ არა მხოლოდ ევროპული საქართველოსგან, არამედ მთელი ოპოზიციური სპექტრისგან, საზოგადოება ელოდება სიახლეებს, ელოდება ახალ ხედვას და განახლებას.
აქედან გამომდინარე, ევროპულ საქართველოშიც მიდის მსჯელობა, თუ რა ტიპის სტრუქტურული ცვლილებები უნდა მოხდეს პარტიაში და როგორი უნდა იყოს სამომავლო გეგმები, ეს მსჯელობა ჯერ-ჯერობით მიმდინარეობს, ამიტომ მე დღეს ვერ დაგიდასტურებთ ვერანაირ გადაწყვეტილებას პერსონალური ან საკადრო გადაწყვეტილებების შესახებ.
უახლოეს დღეებში, კვირის ბოლომდე, საზოგადოებას ეცოდინება ყველა დეტალი, მათ შორის პირად გადაწყვეტილებებთან დაკავშირებითაც, მაგრამ ის რაც დღეს შემიძლია ხაზგასმით ვთქვა, არის ის, რომ როგორიც არ უნდა იყოს შიდა პარტიული გადალაგება ამ შემთხვევაში, ის გავლენას არ მოახდენს საერთო ოპოზიციონირებაზე ოპოზიციის საერთო ამოცანებთან დაკავშირებით, კერძოდ, მხედველობაში მაქვს ოპოზიციის მიმდინარე ბრძოლა, პარლამენტის ბოიკოტი და პარლამენტში არ შესვლის ნიშნად დაწერილი განცხადებები, ვერანაირი შიდა პარტიული გადანაწილება ამ პრინციპულ საკითხზე გავლენას ვერ მოახდენს და ვერ შეცვლის, ბოიკოტი დარჩება ძალაში, ევროპული საქართველო დარჩება ოპოზიციურ ფლანგზე, ვიმეორებ, როგორი იქნება კონკრეტული გადანაწილება პარტიის შიგნით იმ ხედვების და სიახლეების გათვალისწინებით რაც გვინდა, უახლოეს სამ დღეში საზოგადოება გაიგებს ყველაფერს.“ - განაცხადა ბაქრაძემ.