ზურაბ ჯაფარიძემ პარლამენტის გადაწყვეტილება, რომლითაც მანდატი არ გაუუქმეს, საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა.
ჯაფარიძე ამბობს, რომ საგანმანათლებლო საქმიანობის გარდა არაფრის კეთების უფლება არ აქვს, რადგან მანდატი არ გაუუქმეს.
"დაახლოებით ორი თვე იქნება, რაც განცხადება დავწერე და მოვითხოვე მანდატის გაუქმება. რაზეც პარლამენტმა უარი მითხრა. ეს არ არის მხოლოდ მანდატის საკითხი. მანდატთან ერთად მე შეზღუდული მაქვს სხვადასხვა უფლებები, საგანმანათლებლო საქმიანობის გარდა არაფრის კეთების უფლება არ მაქვს იმის გამო, რომ ფორმალურად მანდატი არ გამიუქმეს. გარდა ამისა, სახელმწიფო ჩემგან ითხოვს დეკლარაციის ჩაბარებას და ჩაუბარებლობის შემთხვევაში ჯერ ჯარიმას დამაკისრებენ, შემდეგ კი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. ეს ყველაფერი არაკონსტიტუციურია, ეს სიგიჟეა, რომ ადამიანს ავალებდე, გინდა თუ არა აქ იმუშაო", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.