"გაყალბებული არჩევნები" ეს ფრაზა აქვთ დაზეპირებული და ფიქრობენ, რომ ამისთვის არგუმენტები აღარ არის საჭირო. აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ოპოზიციის მისამართით.
მამუკა მდინარაძის თქმით, "ქართული ოცნება" პრაქტიკულად ყველაფერზე მიდის, რაც კი შეიძლებოდა მათი მხრიდან ყოფილიყო დათმობილი.
"მათი მხრიდან გვაქვს პიარის ჯიუტი ფორმა - "არჩევნები გაყალბდა" და აღარ აინტერესებთ ეს გამოსაძიებელია თუ არა. ჩვენ არჩევნების მეორე დღესვე ვიყავით დარწმუნებული, რომ არჩევნების გაყალბების რაიმე მტკიცებულებას ვერავინ წარმოადგენდა. ელემენტარულად, სერიოზული დარღვევები და ხარვეზები არ ყოფილა. თვითონ ხომ აქვთ არჩევნების გაყალბების პრაქტიკები, გვითხრან, როგორ ხდება შედეგების გადაწერა, მათ წარმოგვიდგინონ არგუმენტები. მათი 11 ათასი წარმომადგენლის ხელმოწერა თუ გაყალბდა, თქვან, ვინმემ მიიყვანა ეს ადამიანები, იძულებით და დაშინებით მოაწერინა ხელი? ამაზე პასუხს არ გვცემენ. იციან თვითონაც, რომ თავიანთი ლოგიკით ჩიხში არიან შესულები. პასუხი და არგუმენტები მათი მხრიდან არ გვაქვს, უბრალოდ ამბობენ, რომ „არჩევნები გაყალბდა“. მტკიცებულებას ვერასდროს წარმოადგენენ", - განაცხადა მდინარაძემ.