ვირჯინიის შტატის კანონმდებლებმა მხარი დაუჭირეს შტატში სიკვდილით დასჯის გაუქმებას.
პარასკევს, შტატის საკანონმდებლო ორგანოს დელეგატებმა კენჭისყრაზე მხარი დაუჭირეს სიკვდილით დასჯის პრაქტიკის გაუქმებას. გადაწყვეტილება ძალაში შესვლისთვის ხელმოწერით უნდა დაადასტუროს შტატის გუბერნატორმა.
აღნიშნული გადაწყვეტილებით ვირჯინია გახდება აშშ-ის პირველი სამხრეთის შტატი, რომელიც გააუქმებს სიკვდილით დასჯას.
ამ გადაწყვეტილების მიღება ამერიკაში სიკვდილით დასჯის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით ხელახალი განსჯის ფონზე მოხდა.
სიკვდილით დასჯის პრაქტიკა ფედერალურ დონეზე დონალდ ტრამპმა, 17-წლიანი პაუზის შემდეგ, განაახლა, როდესაც სიკვდილით დასჯა აღასრულა რამდენიმე მსჯავრდებულთან მიმართებაში.
თავისი საპრეზიდენტო კამპანიის დროს, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი პირობას დებდა, რომ იმუშავებდა ფედერალური სიკვდილით დასჯის გაუქმებაზე.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინფორმაციით, მისი წევრი 194 ქვეყნიდან სიკვდილით დასჯა კანონით ან პრაქტიკულად გაუქმებულია 170 ქვეყანაში.
Gallup-ის გამოკითხვა აჩვენებს, რომ სიკვდილით დასჯის საკითხზე ამერიკელთა აზრი დაყოფილია. გამოკითხულ ამერიკელთა 55% გასამართლებული მკვლელების სიკვდილით დასჯას ემხრობა, 43% კი წინააღმდეგია.
ამერიკის 28 შტატში სიკვდილით დასჯა კვლავ დაშვებულია, თუმცა რამდენიმა მათგანმა, მათ შორის კალიფორნიის შტატმა სასჯელის აღსრულებაზე მორატორიუმი დააწესა.
სიკვდილით დასჯის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, 1976 წლიდან ვირჯინიაში სიკვდილით 113 პატიმარი დასაჯეს. შტატში ამ დროისთვის 2 ადამიანი ელის განაჩენის სისრულეში მოყვანას.
როგორც ცნობილია, ვირჯინიის დემოკრატი გუბერნატორი ემხრობა სიკვდილით დასჯის გაუქმებას.
"ეს პრაქტიკა არსებითად უთანასწოროა. ის არაადამიანურია. არაეფექტურია. ჩვენ ვიცით, რომ ზოგიერთ შემთხვევაში, სიკვდილით დასჯილი ადამიანები უდანაშაულოდ ცნეს", - თქვა გუბერნატორმა მას შემდეგ, რაც შტატის სენატმა სასჯელის გაუქმებას დაუჭირა მხარი.