"ქართული პარტიის" ერთ-ერთი ლიდერის სოზარ სუბარის ძმის ვახტანგ სუბელიანის ადვოკატის განცხადებით, გუშინ მის დაცვის ქვეშ მყოფს წაუყენეს ბრალი, რომლის თანახმდაც იმ ფირმის მიერ, სადაც ვახტანგ სუბელიანი მუშაობდა ბიუჯეტისთვის მიყენებული ზარალი 373 ლარია, რაც ადვოკატ ირმა ჭკადუას თქმით, აბათილებს ხელისუფლების ბრალდებებს - თითქოს ბიუჯეტს ათეულობით მილიონი ზარალი მიადგა. ამის შესახებ ჭკადუამ დღეს, "ქართული პარტიის" ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ჭკადუას თქმით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ უტყუარად დადგინდება, რომ ეს ზარალი - 373 ლარი - მართლა მიადგა ბიუჯეტს ვახტანგ სუბელიანს ამ საქმესთან კავშირი არ აქვს:
"მას არც თანამდებობრივად ჰქონდა ამის უფლება და არც ფაქტობრივად არ მიუღია რაიმე სახის მონაწილეობა. ეს ნათლად ჩანს საქმის მასალებიდანაც", - განაცხადა ჭკადუამ და დასძინა, რომ ფირმის ერთ-ერთმა წევრმა ვაჟა ლეკიშვილმა აღიარა ჩადენილი დანაშაული და პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო.
ჭკადუამ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებულ შსს-ს მიერ გავრცელებულ სატელელეფონო საუბრებზეც გაამახვილა ყურადღება, სადაც ვახტანგ სუბელიანი და ვაჟა ლეკიშვილი საუბრობენ და აღნიშნა, რომ ამ საუბარში არაფერია ისეთი, რაც სუბელიანის დანაშაულს ამტკიცებს.
შეგახსენებთ, რომ სოზარ სუბარის ძმის ვახტანგ სუბელიანის დაკავების შესახებ ინფორმაცია 26 ოქტომბერს, გავრცელდა. სუბელიანს და სხვა პირებს, ვინც საქმეში ფიგურირებენ ბრალი გუშინ, 27 სექტემბერს წაუყენეს. შსს-ს ცნობით, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს შპს "გრანდის", შპს "ამოს", შპს "ვ.ვ. ოილის", შპს "ნეროს" თანამშრომლები.
არსებული ინფორმაციით, ვახტანგ სუბელიანი ერთ-ერთი საწარმოს თანამშრომელია და ნავთობის ბიზნესში საქმიანობს.
ვახტანგ სუბელიანის დაკავება საბუთების გაყალბებასა და თაღლითობას უკავშირდება.