საერთაშორისო მუსიკალური კონკურსი "ევროვიზია" 18, 20 და 22 მაისს გაიმართება. იუწყება კონკურსის ორგანიზატორი - "ევროპის მაუწყებელთა კავშირი" EBU.
კონკურსის ორგანიზატორების განცხადებით, ღონისძიების ფორმატის შესახებ მსჯელობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს და დაზუსტებული ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.
გავრცელებული ინფორმაციით, კონკურის ჩატარების სამი სხვადასხვა ვარიანტი განიხილება.
პირველი ვარიანტის მიხედვით, ღონისძიება როტერდამის Ahoy Arena-ზე გაიმართება სოციალური დისტანცირებისა და ჰიგიენის წესების მკაცრი დაცვით, მათ შორის Covid-19-ზე რეგულარული ტესტირებით. თუ რომელიმე კონკურსანტი შემზღუდავი ზომების გამო ვერ ჩავა როტერდამში, არენაზე ნაჩვენები იქნება მისი ვიდეოჩანაწერი.
მეორე ვარიანტის მიხედვით, ღონისძიება ასევე Ahoy Arena-ზე გაიმართება, თუმცა კონკურსანტების გარეშე. მათი წარმოდგენები ინტერნეტით, ონლაინრეჟიმში იქნება ტრანსლირებული. კონკურსის ზოგიერთი ნაწილი, მაგალითად შოუ-პროგრამა სცენაზე ჩატარდება და პირდაპირ ეთერში გადაიცემა.
მესამე ვარიანტის მიხედვით, კონკურსი მთლიანად ონლაინრეჟიმში ჩატარდება.
ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, კონკურსის ორგანიზატორები კონცენტრირებულები არიან ღონისძიების პირველი ვარიანტის მიხედვით ჩატარებაზე.
"ევროვიზია 2020", რომელიც გასულ წელს, ნიდერლანდების სამეფოს ქალაქ როტერდამში 12-16 მაისს უნდა გამართულიყო, კორონავირუსის პანდემიის გამო გაუქმდა.
ევროვიზიის სიმღერის საერთაშორისო კონკურსზე საქართველოს სახელით თორნიკე ყიფიანს უნდა მიეღო მონაწილეობა.