არჩევნები 31 ოქტომბერს გაყალბდა. მაშ, რატომ ვართ ამ დარბაზში თუ გაყალბდა? იმიტომ ვართ, რომ ჩვენ გვინდა, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები იყო საქართველოს ისტორიაში ბოლო გაყალბებული არჩევნები, - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "მოქალაქეების" ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა.
მისი თქმით, ამის გარანტია მემორანდუმია, რასაც მმართველ პარტიასთან ერტად ხელი მოაწერა. ელისაშვილმა მოუწოდა ოპოზიციას იბრძოლონ მასზე მეტად.
"გავიმეორებ ჩემი ტელეფონის ნომერს და ამ სხდომის დასრულების შემდეგ ისევ ჩართული მექნება ნომერი, ვიღაც გაგვლანძღავს, ვიღაც შემაქებს და რაც მთავარია, სხვები პრობლემებს გვეტყვიან – 593 58 40 52 არის ტელეფონის ნომერი, რომელსაც ყოველთვის ვუპასუხებ, ვპასუხობდი წინასაარჩევნოდ და ოთხი წლის განმავლობაში ვუპასუხებ, როგორც დეპუტატი, რადგან ჩემთვის დეპუტატობა არის უბრალოდ მეტი იარაღი და მეტი ინსტრუმენტი იმისთვის, რომ ხალხის პრობლემებზე ვიფიქროთ და ვიმუშაოთ და ხალხის პრობლემები მოვაგვაროთ, ხალხის პრობლემები გვინდა, რომ ისმოდეს ამ დარბაზში. ამიტომ ვართ ჩვენ აქ. არჩევნები გაყალბდა თუ არა, გვეკითხებიან და დღეს, აგერ, შემოსვლამდე გვქონდა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ დეპუტატთან კამათი – გაყალბდა, ჩვენ ამის გვჯერა. არჩევნები 31 ოქტომბერს გაყალბდა. მაშ, რატომ ვართ ამ დარბაზში თუ გაყალბდა? იმიტომ ვართ, რომ ჩვენ გვინდა, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები იყო საქართველოს ისტორიაში ბოლო გაყალბებული არჩევნები და ის მემორანდუმი არის ამის გარანტია, რასაც ხელი მოვაწერეთ და მე მინდა, ვთხოვო ჩვენს კოლეგებს ოპოზიციიდან, ამპარტავნულად ყველაფერს კი ნუ გვიწუნებენ და ყველაფრის წყალში ჩაყრას კი ნუ ცდილობენ, არ მოსწონთ რაც წერია იქ? იბრძოლონ ჩვენზე მეტად, გაცილებით მეტნი არიან, 54 არიან, მეტი გამოგლიჯონ „ქართულ ოცნებას“ მეტად დაახევინონ უკან, უფრო კარგი და ქვეყნისთვის სასარგებლო და საჭირო პუნქტები შეიტანონ, ამას უბრალოდ მივესალმები და მეტი არაფერი. ჩვენ გვინდა, რომ შეთანხმებისამებრ პირველ მარტამდე კანონად იქცეს ის ჩვენი შეთანხმება და მემორანდუმი, რომ ელექტრონული არჩევნების წესი დამკვიდრდეს, თითის ანაბეჭდმა მოსპოს ის მავნე პრაქტიკა, კარუსელები რომ ერქვა და შტრიხკოდიანმა ფურცელმა, ვიდეოკამერებმა, ყველაფერმა ერთად მოგვიტანოს ბოლოს და ბოლოს პატიოსანი არჩევნების წესი, რომ მომდევნო ოქტომბრიდან მოყოლებული, მეორე დღეს ეჭვშეუტანელი იყოს ხოლმე და ყველა ვენდობოდეთ არჩევნების შედეგს - ეს გვინდა ჩვენ", - თქვა ელისაშვილმა.