პრეზიდენტის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ანიტა რაჭველიშვილი ღიად ესხმის თავს საქართველოს პირველ ქალ პრეზიდენტს, რაც აზიანებს ქვეყნის რეპუტაციას.
"სამწუხაროა, რომ ქალი, რომელიც მსოფლიო საოპერო ხელოვნებაში საქართველოს სახეს წარმოადგენს, ღიად ესხმის თავს და შეურაცხყოფას აყენებს საქართველოს პირველ ქალ პრეზიდენტს, რითაც განზრახ და შეგნებულად აზიანებს საკუთარი ქვეყნის რეპუტაციას.
იმ დროს, როცა ცნობილი მსახიობი ჯენიფერ ენისტონი მსოფლიოში ცვლილებებისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ქალთა როლის გაძლიერებისადმი მხარდაჭერას გამოხატავს, ქართველი მეცოსოპრანო საქართველოს პრეზიდენტის მიმართ სიძულვილის ენის გამოყენებით გამოთქმული დაუსაბუთებელი ბრალდებებით აკნინებს სწორედ ქალთა ძალისხმევას, რაც მიუღებელია", - ვკითხულობთ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, 30 იანვარს ამერიკელმა მსახიობმა ჯენიფერ ენისტონმა სოციალურ ქსელ "ინსტაგრამზე" გამოაქვეყნა მსოფლიოს ქალი ლიდერების ფოტოები, მათ შორის სალომე ზურაბიშვილის. აღნიშნული ინფორმაციის საპასუხოდ, ქართველმა მეცოსოპრანომ, ანიტა რაჭველიშვილმა განაცხადა, რომ ჯენიფერ ენისტონს მისწერა, რომ სალომე ზურაბიშვილი მოღალატე და კრიმინალია.
"ჯენიფერ ენისტონს მივწერე, რომ ეს კრიმინალი და ქვეყნის მოღალატე „ქალბატონი“ არ უნდა იყოს იმ ღირსეული ქალბატონების სიაში, ვისზეც ენისტონმა დაპოსტა! ეს ქალი ციხეში უნდა იყოს ყველა იმ ღალატისთვის, რაც ჩაიდინა ამ ბოლო წლებში! საქართველოს და ერის მოღალატეა და მასზე პოსტებს არ იმსახურებს!",- დაწერა რაჭველიშვილმა.