პარლამენტი რვა დასახელების ნარკოტიკული საშუალების დოზებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების განხილვას დღეიდან იწყებს. პროექტზე დღეს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე იმსჯელებენ.
კანონპროექტში აღნიშნულია, რომ ზუსტად განისაზღვრება სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული რვა ნივთიერების ოდენობები და მათი დოზები. ამასთანავე, კანონპროექტი ითვალისწინებს მსჯავრდებულთა მიმართ გამოტანილი განაჩენების გადასინჯვის შედარებით გამარტივებულ მექანიზმებს.
პროექტის ავტორთა განმარტებით, არსებობდა პრობლემა სამართლებრივ ჩარჩოში, რადგან მცირე დოზის განსაზღვრება არ ჰქონდა ამ ნარკოტიკულ საშუალებას და მიუხედავად მცირე ოდენობისა, განსხვავებით სხვა ნარკოტიკული საშუალებისგან, რომელსაც აქვს განსაზღვრული მცირე დოზები, პასუხისმგებლობა პირდაპირ დგებოდა ისეთი, როგორიც გათვალისწინებულია დიდი ოდენობით ნარკოდანაშაულისთვის.
საკანონმდებლო ცვლილებებით მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები გაიწერება ისეთ ნარკოტიკულ საშუალებებზე, როგორებიცაა: ამფეტამინი, დეზომორფინი, ლიზელგინის მჟავა, ე.წ. ექსტაზი, ეფედრონი-მეტკათინონი, მეტამფეტამინი, მეთადონი და ჰეროინი.