ხვალ, 27 იანვარს, ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღეს, "ისრაელის სახლის" თაოსნობით, რამდენიმე ღონისძიება გაიმართება. 12 საათზე დაგეგმილია "ისრაელის სახლში" ხსოვნის სანთლების დანთება, ქართველ შინდლერზე, სერგი მეტრეველზე "ისრაელის სახლის", ქნესეთისა და იერუსალიმის მემორიალური მუზეუმის - იად ვა შემის მიერ ერთობლივად გადაღებული დოკუმენტური ფილმის ჩვენება.
ხსოვნის ღონისძიებაზე ჩაერთვებიან ისრაელიდანაც.
"ისრაელის სახლში" დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს უნივერსიტეტის, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის, ევროპისა და გრ.რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტების წარმომადგენლები.
13 საათზე ონში, სადაც შარშან ისრაელის სახლმა, ონის მუნიციპალიტეტის მერიასთან და ევროსაბჭოსთან არსებული ებრაული კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და ხელშეწყობის ევროპულ ასოციაციასთან (AEPJ) თანამშრომლობით, ჰოლოკოსტის მსხვერპლთა და სერგი მეტრეველის ხსოვნის მემორიალი გახსნა, საზოგადოების წარმომადგენლები ყვავილებს მიიტანენ.
16 საათზე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდება უნივერსიტეტისა და "ისრაელის სახლის" ერთობლივი ღონისძიება, მიძღვნილი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნისადმი. დაგეგმილია, ასევე, ხსოვნის სანთლების ანთება, სერგი მეტრეველზე ფილმის ჩვენება და ერთობლივი პროექტის - უნივერსიტეტში ისრაელის დარბაზის კონცეფციის პრეზენტაცია.
ხვალვე დაგეგმილია "ისრაელის სახლის" ხელმძღვანელის იციკ მოშეს მონაწილეობა საქართველოს სახალხო დამცველის ოფისის მიერ ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში.
"ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელის, იციკ მოშეს თქმით, სახელმწიფოს შექმნის შემდეგ, ისრაელმა დაიწყო იმ ადამიანების მოძიება, რომლებმაც ნაცისტური ოკუპაციის წლებში, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად გადაარჩინეს ებრაელები. მათ ისრაელის მიერ მინიჭებული აქვთ "მართალის" წოდება, ხოლო მათი სახელი უკვდავყოფილია იად ვა შემის მემორიალური მუზეუმის მიერ.
"მნიშვნელოვანია საზოგადოების მეტი ინფორმირება კაცობრიობის ისტორიაში ისეთ საშინელ მოვლენაზე, როგორიცაა ჰოლოკოსტი, რომელსაც 10 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერლა, მათ შორის ევროპის ებრაელობის 60 პროცენტი, სულ 6 მილიონი ებრაელი. აქედან მილიონზე მეტი ბავშვი იყო.
"ისრაელის სახლის" საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა მეტი ცოდნის მიცემა ახალი თაობისთვის. ამ მიზნით, ჩვენი მხარდაჭერით, საქართველოს 4 უნივერსიტეტში ისწავლება ჰოლოკოსტის ისტორია, ტარდება სტუდენტური ნაშრომების კონკურსები. სარა ბენ შემეშის ფონდთან ერთად, გამარჯვებული სტუდენტები მიგვყავს ისრაელში, ჰოლოკოსტის მუზეუმში", - აცხადებს იციკ მოშე.
ხვალისთვის დაგეგმილი ყველა ღონისძიება კოვიდეპიდემიასთან დაკავშირებით სახელმწიფოს მიერ დაწესებული ყველა რეგულაციის დაცვით წარიმართება.