იტალიის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ დააკმაყოფილა პრემიერ-მინისტრ ჯუზეპე კონტეს განცხადება გადადგომის შესახებ.
ამასთან, მატარელამ ახალი მთავრობის ფორმირებამდე სთხოვა კონტეს, დროებით შეასრულოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობა.
პარალელურად, იტალიის პრეზიდენტი შეუდგება მოლაპარაკებებს პოლიტიკურ პარტიებთან, სამთავრობო და პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელად.
კონტეს გადადგომა გარდაუვალი გახდა მას შემდეგ, რაც მის მიერ შექმნილმა კოალიციამ დაკარგა უმრავლესობა პარლამენტის ზედა პალატაში. გასულ კვირას, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მატეო რენციმ გააკრიტიკა პანდემიასა და ეკონომიკურ რეცესიასთან ბრძოლის მთავრობის გეგმა და განაცხადა, რომ მისი პარტია "Italia Viva" გადის მმართველი კოალიციიდან.
ის ფაქტი, რომ კონტე ნებაყოფლობით გადადგა თანამდებობიდან, შანსს აძლევს მას, რომ კვლავ ჩაუდგეს იტალიის მთავრობას სათავეში.
ჯუზეპე კონტე იტალიის მთავრობას 2018 წლის ივნისიდან უდგას სათავეში.