შეერთებული შტატების სენატმა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მთავრობის კაბინეტის კიდევ ერთ წევრს აუნთო მწვანე შუქი.
ორშაბათს გამართულ კენჭისყრაზე, 84 ხმით 15-ის წინააღმდეგ, სენატმა ჯანეტ იელენი ხაზინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტზე დაამტკიცა.
ჯანეტ იელენი პირველი ქალია ამერიკის ისტორიაში, რომელიც ამ თანამდებობას დაიკავებს.
74 წლის გამოცდილი ეკონომისტი 25 წლის განმავლობაში ფედერალურ მთავრობაში სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობას იკავებდა. 2014-2018 წლებში იელენი აშშ-ის ფედერალურ სარეზერვო სისტემას ხელმძღავნელობდა.
ჯანეტ იელენი იქნება მთავარი ფიგურა ბაიდენის ეკონომიკურ გუნდში, რომელსაც მიზნად კორონავირუსის შედეგად დაზარალებული ეკონომიკის სწრაფად აღდგენა აქვს დასახული. იელენი ასევე უხელმძღვანელებს თეთრი სახლის ეკონომიკურ მრჩეველთა საბჭოს. ამ მოვალეობას ის პრეზიდენტ ბილ კლინტონის ადმინისტრაციაშიც ასრულებდა.
შეგახსენებთ, გასულ დღეებში, სენატმა მთავრობის კაბინეტის ორი წევრი დაამტკიცა, ავრილ ჰეინესი ეროვნული დაზვერვის დირექტორად და ლოიდ ოსტინი თავდაცვის მდივნად.