მედიკამენტებზე მაღალი ფასი რჩება ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული გამოწვევა, - განაცხადა დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ.
მისი თქმით, საკითხს ერთიანი, სტრატეგიული პასუხი სჭირდება და დროებითი ინტერვენციებით ის ვერ გადაიჭრება.
„ეს ფრაგმენტული ინტერვენციებით ვერ გადაიჭრება, დიდი ხნის პრობლემაა და სერიოზული პასუხი სჭირდება. ამისთვის, დაახლოებთ ორიოდე კვირის წინ, საქართველო შეუერთდა ოსლოს ინიციატივას, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებში და ჩვენს რეგიონში ითვალისწინებს ერთიანი პოლიტიკის შექმნას, რაც ქვეყნებს საშუალებას მისცემს წამლის ფასზე ჰქონდეთ სწორი პოლიტიკა და ის მექანიზმები, რომელიც მოაგვარებს ამ პრობლემას. დღეს მე ცალსახა პასუხი არ მაქვს, რადგან ეს არის ერთიანი საკანონმდებლო სივრცის საკითხი, რომელიც უნდა გადაიჭრას იმ ახალ საკანონდებლო ინიციატივის ფარგლებში, რაზეც მუშაობს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ხელშეწყობით ჯანდაცვის კომიტეტი. ვფიქრობ, მალე დავუბრუნდებით ამ საკითხს და უფრო მეტი პასუხი, ამაზე გვექნება.
ჯანდაცვის სისტემის მხრიდან, ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ დანიშნულებები იყოს რაციონალური და პაციენტს არ მოუხდეს ბევრი ისეთი მედიკამენტის მიღება, რომელიც მისთვის არ იქნება ეფექტური“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.