სოფელ მეორე ქესალოში ადგილობრივი გლეხები სოფლის სასოფლო-სამეურნეო მიწებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლებას ითხოვენ, - ინფორმაციას ადამიანის უფლბების სწავლებისა და მინიტორინგის ცენტრი(EMC) ავრცელებს.
ადგილობრივების თქმით, ისინი უკვე მეორე წელია იხდიან დაახლოებით 12 ჰა მიწაზე ქონების გადასახადს, თუმცა მათ მიწით სარგებლობის უფლება არ ეძლევათ, ადგილობრივი სასულიერო პირის ჩარევის გამო - მამა არსენი უცხადებს, რომ ეს მიწები მის საკუთრებაშია და მიწის სარგებლობის ღირებულებაც სწორედ მას უნდა გადაუხადონ.
„აღსანიშნავია, რომ სადავო მიწის ნაკვეთი, ისევე როგორც მეზობელი მიწის ნაკვეთები ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა აღრიცხული და სახელმწიფო საკუთრებას წარმოადგენს. გლეხები გვიზიარებენ, რომ ბოლო 4-5 წლის განმავლობაში ისინი ამ მღვდელს მიწის სარგებლობის ღირებულებას ისედაც უხდიდნენ. ორი წლის წინ მათ ამ მანკიერი პრაქტიკის შეწყვეტა და სახელმწიფოსთან მიწის სარგებლობის ლეგალური პროცესი წამოწყება მოინდომეს. თუმცა, მათი თქმით, ადგილობრივი მღვდლის გავლენების გამო, წინა წელს მათ მიწის დამუშავება ვერ მოახერხეს. წელს ისინი უკან დახევას აღარ აპირებენ“, - იტყობინება EMC.
სიტუაცია ადგილზე რამდენიმე დღის წინ გამწვავდა, მას შემდეგ, რაც ადგილობრივმა გლეხებმა მიწის დამუშავება ტრაქტორით დაიწყეს და სასულიერო პირებმა მათ სამუშაოების შეჩერება მოსთხოვა. უკმაყოფილო გლეხებს კი მიუთითა, რომ მათი მიწები არა აქ, არამედ საზღვრის იქით არის (მიუთითა აზერბაიჯანზე). გლეხები ამ განცხადებამ კიდევ უფრო გააღიზიანა. ისინი უთითებენ, რომ საქართველოს მოქალაქეები არიან და მათი სამშობლოც ეს არის. გლეხების თქმით, მათი წინაპრები ამ მიწებს ტრადიციულად იყენებდნენ სოფლის მეურნეობისთვის. გლეხების თქმით, ეს სასულიერო პირი პრეტენზიას მეზობელ მიწის ნაკვეთებზეც აცხადებს.
ადგილზე უკვე მეორე დღეა მობილიზებულია პოლიცია. ადგილზე იმყოფება მარნეულის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებიც, რომელიც საქმეს სწავლობენ. ამ დრომდე ადგილობრივებთან შესახვედრად არ გამოჩენილან სხვა პოლიტიკური თანამდებობის პირები.
EMC მოუწოდებს სახელმწიფოს გაითვალისწინოს გლეხების სოციალური ინტერესი და მათი უფლება მიწაზე, როგორც ბაზისურ ბუნებრივ რესურსზე და დააკმაყოფილოს მათი ინტერესი ადგილობრივი სასოფლო სამეურნეო მიწებით სარგებლობაზე და სამართლებრივად მოაწესრიგოს ეს პროცესი;
„სიტუაციის განმუხტვის მიზნით უზრუნველყოს პოლიტიკური თანამდებობის პირების ჩართვა ამ პროცესში და ადგილობრივებთან მოლაპარაკებების დაწყება, რათა მათ მოისმინონ და გადაჭრან ადგილობრივი გლეხების საჭიროებები და წუხილები.
ამასთან, არსებითად მნიშვნელოვანია, შექმნილ პროცესს არ მიეცეს რელიგიური დატვირთვა და შექმნილი განწყობების განსამუხტად სახელმწიფომ ადგილობრივებთან ადამიანის უფლებებზე და სოციალურ სამართლიანობაზე დაფუძნებული რიტორიკა გამოიყენონ“, - ნათქვამია EMC -ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სოფელი მეორე ქესალო მარნეულის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და აქ 500-მდე ოჯახი ცხოვრობს. ადგილობივი მოსახლეობა სოფლის მეურნეობაშია ჩართული და სწორედ ამ გზით მიღებული პროდუქტები და მათი ვაჭრობით მიღებული შემოსავალი არის მათი საარსებო წყარო. საკარმიდამო მიწები კი მათ მეურნეობის ორგანიზების შესაძლებლობას არ აძლევს. ზემოხსენებულ მიწის ნაკვეთს ადგილობრივი გლეხები კოლექტიურად და თანაბრად ამუშავებენ.