საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, უფრო მძლავრი მექანიზმები გვექნება იმისათვის, რომ ამ საკითხზე აპელირება მოვახდინოთ უკვე ევროპის საბჭოს ფარგლებში.
ასევე მისი განცხადებით, ეს გადაწყვეტილება იმის საფუძველს იძლევა, რომ დევნილების დაბრუნების საკითხზე და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხზე, უკვე ამ ფორმატში მოხდეს მსჯელობა. ბექა ძამაშვილმა ამის შესახებ "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა.
"დეპორტირებულების საქმისგან მინდა ეს საქმე გავმიჯნო, ეს საქმე გაცილებით მეტია, ვიდრე მხოლოდ მატერიალური კომპენსაციის მიღების საქმე. განსაკუთრებით გავამახვილებდი ყურადღებას ეთნიკური წმენდის ნაწილზე და იმაზე, რომ დღემდე ვერ ბრუნდებიან ისინი საცხოვრებელ ადგილებზე. ამ გადაწყვეტილების შემდეგ, ჩვენ მოგვეცემა შესაძლებლობა, რომ დევნილების დაბრუნების საკითხზე და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხზე, უკვე ამ ფორმატში ვიმსჯელოთ. შესაბამისად, მხოლოდ მატერიალური კომპენსაცია არ იქნება, ჩვენ გვექნება შესაძლებლობა რუსეთს მოვთხოვოთ პარტნიორ სახელმწიფოებთან ერთად, აღდგეს 2008 წლის ომამდე არსებული მდგომარეობა.
ჩვენ გვაქვს გაეროს ტრიბუნა, სადაც ყოველწლიურად გადის ეს რეზოლუცია დასამტკიცებლად. თუმცა ჩვენ უკვე გაგვიჩნდა კიდევ ერთი სამართლებრივი ტრიბუნა, რადგან ხელში გვიჭირავს უკვე სასამართლოს შეფასება. შესაბამისად, ჩვენ უფრო მძლავრი მექანიზმები გვექნება, რომ ამ საკითხზე აპელირება მოვახდინოთ უკვე ევროპის საბჭოს ფარგლებში”, - განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი.