საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიუსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან შეხვედრა სტრასბურგის სასამართლოს განაჩენის მნიშვნელობაზე საუბრით დაიწყო და აღნიშნა, რომ ის წუთი-წუთზე ელოდებოდა სასამართლოს ისტორიულ განაჩენს და ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, მათი მხრიდან ამ საკითხზე სათანადო რეაგირება, რაზეც შარლ მიშელმა განაცხადა, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ისაუბრებდა თავის კოლეგებთან დღეს საღამოს გამართულ სამიტზე.
შარლ მიშელმა პრეზიდენტს კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა.
შეხვედრისას პრეზიდენტმა ვაქცინასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ საქართველო ევროკავშირის მხრიდან სოლიდარულ გადაწყვეტილებას ელის, რაზეც შარლ მიშელმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის თხოვნა მიღებულია და ის ეცდება, ამ საკითხზე მის კოლეგებთან ერთად შესაბამის შედეგს მიაღწიოს.
შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს საქართველოსა და ევროკავშირის დაახლოების კონკრეტული და პრაგმატული ნაბიჯების შესახებ, რომლებზეც ერთობლივად მუშაობა უნდა გაგრძელდეს.
პრეზიდენტმა შარლ მიშელი საქართველოში მოიწვია, რაზეც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა და ჩამოსვლისთვის მზაობა გამოთქვა.
ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.