საქართველო-კორეის ინფორმაციაზე წვდომის ცენტრი, 48 ქვეყანას შორის, 2020 წლის საუკეთესო რეგიონულ ცენტრად დაასახელეს. ამის თაობაზე გადაწყვეტილება, რამდენიმე დღის წინ, სამხრეთ კორეის რესპუბლიკის ეროვნული ინფორმაციული საზოგადოების სააგენტოს (NIA) ყოველწლიურ კონფერენციაზე (IAC Community Meeting) გახდა ცნობილი, რომელიც წელს ონლაინერეჟიმში ჩატარდა. ჯილდოს სახით, თბილისში მოქმედ ცენტრს, სპეციალური ტექნიკა გადაეცემა.
აღნიშნული აღიარება საქართველოში მოქმედმა ცენტრმა, პროექტ „მეგობრის თვალის" (Friend's Eye) განხორციელებისთვის დაიმსახურა. „ღია საზოგადოება - საქართველოს" მიერ დაფინანსებული პროექტი მობილური აპლიკაციაა, რომელიც უსინათლო და მცირე მხედველობის მქონე ადამიანებს, თანამედროვე ტექნოლოგიებთან წვდომისა და მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენების საშუალებას აძლევს.
„საქართველო-კორეის ინფორმაციაზე წვდომის ცენტრის მიერ მიღებული ჯილდო უდიდესი აღიარებაა, რასაც წინ თავდაუზოგავი შრომა უძღოდა. მოხარული ვარ, რომ გაწეულმა ძალისხმევამ საუკეთესო შედეგი გამოიღო და ჩვენი ცენტრის მუშაობა შეუმჩნეველი არ დარჩენილა. რაც მთავარია, შედეგის სახით, მივიღეთ განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანებისთვის ასე აუცილებელი აპლიკაცია, ჯილდოდ გადმოცემული აპარატურა კი, ამ მხრივ, მეტი პროექტის განხორციელების საშუალებას მოგვცემს", - ამბობს თბილისის მერიის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების დირექტორი, ნინია მაჭარაშვილი.
„აღნიშნული აპლიკაცია მსოფლიოში აღიარებული Be My Eyes-ის ადაპტირებული ვერსიაა, რომელიც უსინათლო და მცირე მხედველობის მქონე ადამიანებს საზოგადოებაში საკუთარი ადგილის დამკვიდრებასა და სხვადასხვა სერვისების მიღებაში დაეხმარება. აპლიკაცია აღჭურვილია ხმოვანი რეჟიმით, რაც უსინათლოებს მის მოხმარებასა და მომსახურების მიღებას გაუადვილებს. აპლიკაციაზე მუშაობა, ფაქტობრივად, დასრულებულია, ფართო მოხმარებისთვის კი უახლოეს მომავალში იქნება მზად", - ამბობს საქართველო-კორეის ინფორმაციაზე წვდომის ცენტრის ხელმძღვანელი, ლენა ასკურავა.
საქართველო -კორეის ინფორმაციაზე წვდომის ცენტრი, 2016 წლიდან, თბილისის მერიის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების მირზა გელოვანის სახელობის ბიბლიოთეკის ბაზაზე ფუნქციონირებს. ცენტრში უსინათლო და მცირემხედველი პირებისთვის მოწყობილია სპეციალური სივრცე, სადაც განთავსებულია ადაპტირებული ტექნიკა.
პროექტი კორეის მეცნიერების, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სამინისტროსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. ცენტრის მიზანია, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის, მათ შორის, უსინათლო და მცირე მხედველებისთვის, შექმნას საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებით სარგებლობისა და გამოყენების შესაძლებლობა. ანალოგიური ცენტრი მსოფლიოს 48 ქვეყანაში მუშაობს და სულ 58 ფილიალს აერთიანებს.