საქართველოში პირბადის ტარების მაჩვენებელი 75%-ია და თუ ეს მაჩვენებელი 95%-ს მიაღწევს, მაისში ინფიცირების ყოველდღიური შემთხვევები 10-77-ის ფარგლებში შემცირდება. აცხადებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე.
მისი განმარტებით, ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევები იკლებს, რაც შემზღუდავი ღონისძიებებისა და ტესტირებაზე მეტი ხელმისაწვდომობის შედეგია.
"ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტი რეგულარულად აკეთებს ევროპის ქვეყნების განახლებას. ბოლო განახლება იყო 15 იანვრის, სადაც მათ აღნიშნეს დადებითი ტენდენციები. სასიამოვნოა, რომ ჩვენთან ნიღბის ტარების მაჩვენებელი 75%-ზეა ასული და თუ ჩვენ 95%-ზე ავალთ, გვეუბნებიან, რომ მაისისთვის სიკვდილიანობა უკვე ერთეული გექნებათ და ყოველდღიურ შემთხვევებში 10-დან 77-ის ფარგლებში ჩამოხვალთ. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ რეგულაციების დაცვას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით ნიღბის ტარებას. ასევე გამოვლენა, თუ ნოემბერ-დეკემბერში გვქონდა, რომ ერთს ვავლენდით და 2.5-3-ს ვერ ვავლენდით, ეს ჩამოსულია ქვემოთ და ყველა ერთ გამოვლენილზე უკვე 1-1.5 არ ვლინდება", - აცხადებს ამირან გამყრელიძე.