ამერიკის 50-ვე შტატი და კოლუმბიის ოლქი სრულ მზადყოფნაშია ტრამპის მხარდაჭერების მოსალოდნელი საპროტესტო გამოსვლებისა და არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციის წინ.
ეროვნული გვარდიის დანაყოფები მთელი ქვეყნიდან ვაშინგტონში მიემართებიან, რათა თავიდან იქნეს აცილებული 6 იანვრის მსგავსი არეულობა, რამაც 5 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. 6 იანვარს ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმში შეიჭრნენ და თავს დაესხნენ საკანონმდებლო ორგანოს.
მანამდე გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) გაავრცელა გაფრთხილება, რომ შესაძლოა, მთელი ქვეყნის მასშტაბით ადგილი ჰქონდეს შეიარაღებულ საპროტესტო გამოსვლებს.
მოსალოდნელი საფრთხის თავიდან ასაცილებლად ვაშინგტონის ეროვნული მოლი ვიზიტორებისთვის დაიხურა. კონგრესის შენობას კი უზარმაზარი ღობე შემოავლეს.
დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვაშინგტონში, პოლიციამ დააკავა პირი, რომელსაც ჯო ბაიდენის ინაუგურაციაზე დასასწრები ყალბი აკრედიტაცია, იარაღი და 500 ვაზნა აღმოაჩნდა.
ბაიდენის გუნდმა მოუწოდა ამერიკელებს, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო, ინაუგურაციაზე თვალყურის მისადევნებლად თავი შეიკავონ ვაშინგტონში გამგზავრებისგან.
ვაშინგტონის ხელისუფლებამ კი მოქალაქეებს ინაუგურაციის ყურება ტელევიზიით ან ინტერნეტით ურჩია.
ტრამპის მომხრეებისა და მემარჯვენეთა ფორუმებზე გავრცელებული ინფორმაციით, იგეგმება მსვლელობა ვაშინგტონისკენ ინაუგურაციის დღეს.
ამის საპირისპიროდ, ტრამპის მომხრეთა ნაწილის მხრიდან გაისმის მოწოდებები, რომ უსაფრთხოების გამკაცრებული ზომების ფონზე, თავი შეიკავონ ვაშინგტონში გამგზავრებისგან.
ტრამპის მომხრეებს შორის არსებული მღელვარება კიდევ უფრო გაამძაფრა ამ კვირის დასაწყისში მისთვის იმპიჩმენტის გამოცხადებამ.
დონალდ ტრამპი პირველი პრეზიდენტი გახდა ამერიკის ისტორიაში, რომელსაც იმპიჩმენტი ორჯერ გამოუცხადეს. წარმომადგენელთა პალატის მიერ იმპიჩენტის გამოცხადების შემდეგ, საკითხი განსახილველად სენატს გადაეგზავნება, სწორედ მან უნდა თქვას საბოლოო სიტყვა იმპიჩმეტთან დაკავშირებით.
როგორც მოსალოდნელი იყო, სენატი არ გეგმავს იმპიჩმენტის საკითხის განხილვას ტრამპის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე. მოელიან, რომ სენატი იმპიჩმეტის განხილვას ბაიდენის ინაუგურაციის შემდეგ შეუდგება.
ჯო ბაიდენის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება. დონალდ ტრამპი არ აპირებს ინაუგურაციაზე დასწრებას, რაც მას ამერიკის ისტორიაში მე-4 პრეზიდენტად აქცევს, რომელიც არ დაესწრება მემკვიდრის ინაუგურაციას. ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა განაცხადა, რომ ის გეგმავს ინაუგურაციაზე დასწრებას.