"ევროპული საქართველოს" ლიდერი, გიგა ბოკერია აცხადებს, რომ ალეკო ელისაშვილისა და პარტია გირჩის ლიდერების ინიციატივა, რიგგარეშე არჩევნების ჩატარების ახალ პირობებზე, "იქცევა კამპანიად ოპოზიციის ბოიკოტის წინააღმდეგ".
ფორმულას ეთერში, გადაცემა "კომენტარში" საუბრისას მანვე აღნიშნა, რომ იგი ამ ინიციატივას სერიოზულად არ განიხილავს"და არც ალეკო ელისაშვილს განიხილავს ოპოზიციის ნაწილად.
"მოკლედ რომ ვთქვა, ამ ამბავს სერიოზულად არ განვიხილავ, ბატონ ელისაშვილს ოპოზიციის ნაწილად, პოლიტიკურად არ განვიხილავ. ვწუხვარ, რომ "გირჩი 2"-ის ხალხი აყვა მას გაუგებარ სიმულაციაში. რეალურად, ეს იქცევა კამპანიად ოპოზიციის ბოიკოტის წინააღმდეგ.
ვიღაც გვეუბნება, რომ მთავრობის ნაცვლად დაგველაპარაკება, ან არ დაგველაპარაკება იმაზე, როგორ უნდა მოიხსნას ბოიკოტი, ესეც ცუდი დიაგნოზია, ჩემი აზრით", - ამბობს გიგა ბოკერია და განმარტავს, რომ რიგგარეშე არჩევნები ან პირდაპირ უნდა დაინიშნოს, ან პლებისციტის გზით, მოქალაქეებმა უნდა გადაწყვიტონ ეს საკითხი.