საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე ოპოზოციური პარტიის ლიდერების განცხადებებს პასუხობს და აღნიშნავს, რომ მას აუცილებლადაც მიაჩნია პასუხის გაცემა ისეთ „შეურაცხმყოფელ განცხადებაზე, როგორიც ცოტა ხნის წინ გაკეთდა“.
„თურმე "ფსიქიკურად" შეშლილი უნდა იყო, რომ ჭორვილაში 15 წელი იცხოვრო. ეს შეურაცხყოფაა, არა კონკრეტული ადამიანისა, როგორც ამ პიროვნებას ჰგონია, არამედ ზოგადად, ჩვენი სოფლად მცხოვრები მოქალაქეებისა. შეურაცხყოფაა იმ ადამიანებისა, რომლებზეც დიდწილად დგას ჩვენი აწმყო და მომავალი. სწორედ სოფლად მცხოვრებლებმა მოგვიტანეს ბოლო პერიოდის ყველაზე დიდი წარმატებები: მეღვინეობის ტრადიციების აღდგენა, ტურიზმი.
სამაგიეროდ, ვიცით თუ რა მოუტანა საქართველოს ახლო წარსულში სოფლისა და მთის დაცლამ. ვიცით ჩვენი წინაპრები, როგორ დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ სოფელს და ადგილობრივ წეს-ჩვეულებებს, ჩვენი იდენტობისა და თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად. ვინც ამას ვერ აფასებს, ის საქართველოს ნიჭსა და ძალასაც ვერარას გაუგებს.
მე პირადად, საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, თუ რა დიდი ტკივილი და დანაკლისია, როცა კომუნიზმმა და ემიგრაციამ ჩამოგაშორა სოფელს და მამულს. ნეტავ მქონდეს მეც ჩემი ჭორვილა!“, - წერს პრეზიდენტი.
ერთიანი საქართველოს ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ, ტვ პირველის ეთერში ისაუბრა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლაზე.
“თქვენ ახლა ნორმალური ფსიქიკის გგონიათ ადამიანი, რომელსაც თუ რამე არ უჭირს, 15 წელი ოჯახს ჭორვილაში აცხოვრებს? ხუთი მილიარდი რომ აქვს? რა თქმა უნდა, მას არჩევანი რომ ჰქონოდა, ჭორვილაში არ იქნებოდა, მაგრამ წამოვიდა ჭორვილიდან და მთელი საქართველო გაიხადა დაცვად”, - თქვა ბურჯანაძემ.