ამას გამართლება არ აქვს - ასე აფასებს მიხეილ სააკაშვილი ნინო ანანიაშვილის ნოვოსიბირსკის საოპერო დასის ხელმძღვანელად დანიშვნას მიხეილ სააკაშვილი.
„როდესაც საფრანგეთი ჰქონდა ოკუპირებულ გერმანიას, ედიტ პიაფს რომ ეთქვა, მივდივარ ბერლინიში, ბერლინის კაბარეებში უნდა გავართო გერმანელი ოფიცრებიო, მერე რა რომ ომი გვქონდაო, არ ვადარებ, ნინო ანანიაშვილი არის გენიალური ბალერინა, არასოდეს დამავიწყდება მისი გამოსამშვიდობებელი კონცერტი ნიუ იორკში, სადაც 50 წთ უკრავდა ხალხი ტაშს, ეს არის პირადი არჩევანი და რომ გითხრათ რომ მომწონსთქო, ამას გამართლება არ აქვს“, - ამბობს მიხეილ სააკაშვილი "მთავარი აქცენტების" ეთერში.
ბალერინა, ნინო ანანიაშვილი 2021 წლიდან ის რუსეთში, ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასს უხელმძღვანელებს. "რადიო თავისუფლებისთვის" მიცემულ ინტერვიუში ანანიაშვილი ამბობს, რომ ამ პოსტის პარალელურად ის ქართული საბალეტო დასის ხელმძღვანელადაც დარჩება.
„მე ვფიქრობ, რომ არ უნდა იყოს ხელოვნება ასეთი გაპოლიტიზირებული. გერმანიასთანაც გვქონდა ომი და ათასობით ჩვენი მოქალაქე დაიღუპა, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, რომ დღეს არ ვემეგობროთ მათ“, - თქვა ანანიაშვილმა და აღნიშნა, რომ ის ელის კრიტიკას და ამისთვის მზად არის.
ნინო ანანიაშვილი ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრის დასთან შესახვედრად რუსეთში იანვრის გაემგზავრება.
„ვიცი, რომ გამაკრიტიკებენ, მაგრამ მე ვცეკვავდი რუსეთში, რუსეთის ბალერინა ვიყავი და ამის გამო, ჩემი სიყვარული საქართველოს მიმართ არასოდეს მომიკლია“, - თქვა ანანიაშვილმა.