ქართველი პრიმა ბალერინა, ნინო ანანიაშვილი 2021 წლიდან ის რუსეთში, ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასს უხელმძღვანელებს.
"რადიო თავისუფლებისთვის" მიცემულ ინტერვიუში ანანიაშვილი ამბობს, რომ ამ პოსტის პარალელურად ის ქართული საბალეტო დასის ხელმძღვანელადაც დარჩება.
ნინო ანანიაშვილი ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრის დასთან შესახვედრად რუსეთში იანვრის გაემგზავრება.
"გადაწყვეტილება მივიღე, მაგრამ ჯერ ამ პოზიციაზე ოფიციალურად არ ვარ დასახელებული. მალე დამასახელებენ. ეს არის თანამდებობა, რომელიც მავალდებულებს შევქმნა განვითარების გეგმა, შევადგინო რეპერტუარი და ა.შ. ეს არის აბსოლუტურად შემოქმედებითი სამუშაო.თუ გავითვალისწინებთ, ბალეტის მნიშვნელობას ამ ქვეყანაში, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული და იმას, რომ რუსეთი ამ მხრივ ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა, თუ პირველი არა, მაშინ დიახ, ასეა. თუმცა ჩემთვის ამ პოსტს სხვა დატვირთვა აქვს. მე უკვე 15 წელია ვარ საქართველოს სახელმწიფო ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელი, ნამდვილად კმაყოფილი ვარ იმით, რასაც მივაღწიეთ 2004 წლიდან დღემდე. აქ უკვე გავწერეთ შემდეგი ოთხი წლის გეგმა და ფაქტობრივად, ყველაფერი დაგეგმილი მაქვს გუნდთან ერთად. ამ მხრივ, თბილისში ყველაფერი დალაგებულია, მაგრამ ეს გადაწყვეტილება მიმაღებინა იმ ვითარებამ რაც ქვეყანაში პანდემიის გამო შეიქმნა და რამაც ჩვენს თეატრზეც იმოქმედა", - ამბობს ანანიაშვილი "რადიო თავისუფლებისთვის" მიცემულ ინტერვიუში და დასძენს, რომ ის ქართული საბალეტო დასის ხელმძღვანელადაც დარჩება.
"მე არ ვტოვებ დასს, აქ ვრჩები და ვფიქრობ, რომ ეს შესაძლებლობა მე უფრო მეტ საშუალებას მომცემს, რომ საერთაშორისო ასპარეზზე კიდევ უფრო მეტი ყურადღება მოვიზიდო ჩემს მიმართ და საქართველოს დასის მიმართ... მე მგონია, რომ ამ გადაწყვეტილებით, უფრო მეტ სარგებლობას მოვუტან ჩვენს საბალეტო დასს", - თქვა ანანიაშვილმა.