დღეს ვიხილეთ "პატრიოტთა ალიანსის" თვითგანადგურების დასრულება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, იგივე გზას ადგას "ნაციონალური მოძრაობა", რომელიც თვითგანადგურების რეჟიმზეა გადასული.
"დღეს უკვე ვიხილეთ სისრულეში მოყვანილი ერთ-ერთი პარტიის თვითგანადგურების დასრულება. რეალურად, "პატრიოტთა ალიანსმა" საკუთარი თავი გაინადგურა იმით, რაც გუშინ გააკეთა, როცა საპარლამენტო მანდატებზე უარი თქვეს. ეს პროცესი ახლა გრძელდება "ნაციონალურ მოძრაობაში“ და იმედი გვაქვს, რომ თვითგანადგურების პროცესი წარმატებით დასრულდება. "ევროპული საქართველო" ისედაც განადგურებულია. ეს ჯანსაღი, დემოკრატიული პროცესია და საბოლოო ჯამში, ჯანსაღი პოლიტიკური სპექტრი უნდა ვიხილოთ", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, "პატრიოტთა ალიანსის" 4-მა წევრმა - ფრიდონ ინჯია, დავით ზილფიმიანი, გელა მიქაძე და ავთანდილ ენუქიძე - პარტია დატოვეს და "ევროპელი სოციალისტების" სახელით პარლამენტში შევიდნენ.