COVID-19-ის ახალ შტამის, რომელიც საქართველოში 4 იანვარს დადასტურდა, კლინიკური ნიშნებით ძველი შტამისგან არ განსხვავდება, აცხადებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე.
იმნაძის განმარტებით, პაციენტს, რომელსაც COVID-19-ის ახალი შტამი დაუდასტურდა მოგზაურობის ისტორია არ ჰქონია, თუმცა კონტაქტი ჰქონდა უცხოეთიდან ჩამოსულ პირთან.
"ჯერჯერობით რაც არის ჩვენი ბრიტანელი კოლეგების მიერ გამოქვეყნებული სამეცნიერო მტკიცებულებები, კლინიკურ მიმდინარეობაში არავითარი განსხვავება ახალ და ძველ შტამს შორის არ არის. პაციენტს მოგზაურობის ისტორია არ ჰქონია. როდესაც გამოქვეყნდა მონაცემები, რომ ბრიტანეთში გაჩნდა ახალი შტამი და დაიდო სამეცნიერო მტკიცებულებები, ჩვენ შევისწავლეთ ყველა დადებითი შემთხვევა საქართველოში, რომლებიც იყო ლაბორატორიაში, რომ გვენახა საეჭვო დადებითი შემთხვევები. ასეთი არის თუ სამი გენიდან ორი არის კარგი დადებითი და ერთი არ არის დადებითი. ასეთი სულ იყო სამი შემთხვევა იმ რამდენიმე ათასიდან, რაც საქართველოში სულ იყო. ყველა სხვა შემთხვევა, რომელიც საქართველოში იყო დადებითი, იყო სამივე გენზე დადებითი. აღნიშნული პაციენტების კონტაქტებმა იზოლაციის ვადა უკვე გაიარეს და ეს არის 14 დღე. ამ პაციენტს არ აქვს მოგზაურობის ისტორია, მაგრამ ვიდრე ავად გახდებოდა ჰქონდა კონტაქტი ადამიანთან, ვისაც ჰქონდა მოგზაურობის ისტორია. მოძიებულია ამ ადამიანის ნიმუში და მიმდინარეობს სეკვენირება", - განაცხადა იმნაძემ.
კორონავირუსის ახალი, ე.წ. "ბრიტანული" შტამის საქართველოში გამოვლენის შესახებ გუშინ გახდა ცნობილი.
კორონავირუსის ახალი შტამი, რომელიც პირველად დიდ ბრიტანეთში აღმოაჩინეს, ამ დროის მონაცემებით, საქართველოს გარდა კიდევ 37 სახელმწიფოში, ასევე ჰონგ კონგსა და ტაივანში დაფიქსირდა.
ექსპერტების მტკიცებით, მიუხედავად იმისა, რომ ახალ შტამს უფრო მაღალი გადამდებობა აქვს ვიდრე Covid-19 სხვა შტამებს, არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ ის უფრო მძიმე დაავადებას იწვევს, ან უფრო მაღალი ლეტალობის მაჩვენებლით გამოირჩევა.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, უახლოეს დღეებშ ეცოდინებათ, თუ როგორ რეაგირებს კორონავირუსის ახალი შტამი უკვე დამტკიცებულ ვაქცინებზე.
ახალი შტამი დადასტურდა შემდეგ ქვეყნებში - გაერთიანებული სამეფო, ავსტრალია, ბელგია, ბრაზილია, კანადა, ჩილე, ჩინეთი, დანია, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, ისლანდია, ინდოეთი, ირლანდია, ისრაელი, იტალია, იამაიკა, იაპონია, იორდანია, ლიბანი, მალტა, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, ახალი ზელანდია, ნორვეგია, პაკისტანი, პორტუგალია, არაბთა გაერთიანებული საემიროები, სინგაპური, სამხრეთ კორეა, საქართველო, ესპანეთი, შვედეთი, შვეიცარია, ტაილანდი, თურქეთი, შეერთებული შტატები (ფლორიდის, კალიფორნიის და კოლორადოს შემთხვევები) და ვიეტნამი.