ახლახან ცნობილი გახდა, რომ სუდანის რესპუბლიკა ტერორიზმის დამფინანსებელთა სიაში აღარ იქნება. ეს ამბავი სუდანს საერთაშორისო არენაზე რეპუტაციის აღდგენასა და კავშირების დამყარებაში დაეხმარება. საინტერესოა, რომ ეს ქვეყანა ტერორიზმის სპონსორთა სიაში ადგილს 1993 წლიდან იკავებდა. ეს მას ფაქტობრივად უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ან საგარეო ვალის აღების ყველანაირ შანსს უკარგავდა. ამ დროს, სუდანის ტერიტორიას, გაპარტახებული ეკონომიკის პირობებში, არალეგალური საქმიანობისთვის რუსეთი იყენებდა.
2020 წლის 29 ივლისს, ბელარუსში რუსეთის ფედერაციის ოცდაათზე მეტი მოქალაქე დააკავეს. მალევე გაირკვა, რომ ისინი კერძო სამხედრო კონტრაქტორი კომპანია "ვაგნერის" მებრძოლები იყვნენ. ამ ამბავში საინტერესო ის არის, რომ მედიაში გავრცელებულ დაკავების კადრებში სუდანური ფუნტის ერთეული და ქალაქ კასალაში მდებარე ჰატმიას მეჩეთის გამოსახულებიანი სატელეფონო ჩიპი გამოჩნდა. ამან გააჩინა ვარაუდი, რომ მებრძოლები სწორედ სუდანის რესპუბლიკისკენ მიემართებოდნენ, ან პირიქით-უკან ბრუნდებოდნენ.
"ვაგნერი" პეტერბურგელი ბიზნესმენისა და ე.წ "პუტინის მზარეულის", რუსი ოლიგარქის ევგენი პრიგოჟინის კერძო სამხედრო დაჯგუფებაა. "ვაგნერის" წევრები დონბასის საბრძოლო და საოკუპაციო მოქმედებებშიც მონაწილეობდნენ. ვლადიმირ პუტინი ბუნებრივია დაჯგუფებასთან კავშირს უარყოფს, თუმცა ყველამ იცის, რომ ჯგუფის ლიდერი დიმიტრი უტკინია, რომელიც რუსეთის სპეცრაზმსა და 2013 წლამდე მთავარ სადაზვერვო სამმართველოში მსახურობდა.
მას შემდეგ, რაც 2011 წელს, ლიბიაში, დიქტატორ მუამარ კადაფის რეჟიმი დაემხო, ტრიპოლის საერთაშორისო მასშტაბით აღიარებულ ხელისუფლებას ქვეყნის აღმოსავლეთში არსებული ხალიფა ჰაფთარის ნაციონალური არმია ებრძვის. ამ უკანასკნელს კი, მხარს რუსეთი უჭერს. გაეროს ანგარიშის მიხედვით, 2018 წლის ოქტომბრიდან ლიბიაში "ვაგნერის" 800-დან 1 000-მდე დაქირავებული მებრძოლი იმყოფება. მათი უმეტესობა ეროვნებით რუსია. ამასთანავე, სხვადასხვა ჟურნალისტური გამოძიებებით ირკვევა, რომ სინამდვილეში, ლიბიაში ჰაფთარის მხარდასაჭერად 2000-ზე მეტი რუსი დაქირავებული სამხედრო იბრძვის.
"ვაგნერი" ლიბიისა და სირიის კონფლიქტებთან ერთად ჩართული იყო ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკისა და თავად სუდანის კონფლიქტებში. 2018 წელს ჟურნალისტები ორხან ჯემალი, ალექსანდრ რასტორგუევი და კირილ რადჩენკო ამის დამადასტურებელი მტკიცებულებების მოპოვებას შეეცადნენ, თუმცა ისინი ჟურნალისტური გამოძიების დროს მოკლეს და საქმე ჯერაც არავის გამოუძიებია.
ამბობენ, რომ პუტინის კერძო სამხედრო კონტრაქტორი კომპანია სუდანს ერთგვარ ლოჯისტიკურ ჰაბადაც იყენებს. სწორედ სუდანის გავლით გადაადგილდებიან ვაგნერის მებრძოლები ლიბიასა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში. ბელარუსში დაკავებული "ვაგნერის" მებრძოლები რუსულ ტელეარხ "რუსეთი 24"-თან საუბარში აცხადებდნენ, რომ მათ ნავთობთან დაკავშირებული „სამსახური“ ლიბიასა და სირიაში შესთავაზეს. ეს დეტალი გარკვეულწილად ადასტურებს, რომ სუდანი არალეგალური დაჯგუფების გადაადგილებისთვის გამოიყენება.
ამასობაში მოვლენები პუტინისთვის არც თუ ისე მისაღები სცენარით ვითარდება. სუდანს ახალი მთავრობა ჰყავს, რომელიც აცხადებს, რომ რეფორმებისთვის მზად არის. ტერორიზმის დამფინანსებელთა სიიდან ამოღება ქვეყანას ახალი შესაძლებლობებისთვის კარს გაუხსნის, უცხოური ინვესტიციების მოზიდვა ეკონომიკას ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სუდანის პრემიერმა აბდულა ჰამდოკმა განაცხადა, რომ საკომპენსაციო თანხა უკვე გადარიცხულია. მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად სუდანმა სოლიდური თანხა გადაიხადა სპონსორების სიიდან ამოშლისთვის, რაც მისი საერთაშორისო საზოგადოებაში რეინტეგრაციის მზაობის დადასტურებაა.
როგორც ჩანს, კრემლი ბინძური საქმეებისთვის შერჩეულ ტერიტორიას კარგავს. ალბათ, მალე „ვაგნერის“ მებრძოლებს სუდანის ახალი ადმინისტრაცია თავისუფლად პარპაშის საშუალებას აღარ მისცემს. საინტერესოა რა გზით ეცდება პუტინი ქვეყანაზე გავლენის შენარჩუნებას, რადგან ცხადია, რომ სუდანის რესპუბლიკა ოფიციალური მოსკოვისთვის არასასურველ არჩევანს აკეთებს.
ნინო მომცემლიძე