,,პატრიოტთა ალიანსის შემთხვევა იყო ერთადერთი, როდესაც სია არ იყო ჩახსნილი და ამავდროულად სიის მომდევნო წევრები საჯაროდ აცხადებდნენ მზადყოფნას, შემოსულიყვნენ პარლამენტში. ასეთი შემთხვევა თუ იქნება ხვალ სხვა, ბუნებრივია, ჩვენ ამას ხელს არ შევუშლით პროცედურული და ტექნიკური დეტალებით“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
„თუ იქნება მზადყოფნა იმ პარტიებში, სადაც სიები ჩახსნილი არ არის და აცხადებენ, რომ შედიან საქართველოს პარლამენტში, ჩემი აზრით, ჩვენ არც პოლიტიკურად გვაქვს უფლება, რომ მათ არ მივცეთ შემოსვლის საშუალება. სიის პირველი ნომრების განცხადება იყო, რომ გასულიყვნენ და შემდგომი მომდევნო ნომრების, რომ შემოსულიყვნენ. აქედან გამომდინარე, ეს ერთადერთი შემთხვევა ჩვენ ზუსტად ისე, როგორც მათი ნება იყო, პროცედურული წესების თანახმად, დავაკმაყოფილეთ. თუკი ვინმე რაციონალურად და სახელმწიფოებრივად იფიქრებს და არა მხოლოდ კონკრეტული პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე, თუკი ვინმე მიხვდება, რომ 2 პარტიის - ე.წ. ევროპული საქართველოს და ნაცმოძრაობის ბულინგს, მესიჯ ბოქსს, ნარატივს, დადგმულ სცენებს არ უნდა დაექვემდებაროს, ყველა შემოვა საქართველოს პარლამენტში. გასაკვირია, ხალხს, რომელსაც ქვეყნის მართვის პრეტენზია აქვს, როგორ შეიძლება ეშინოდეს და როგორ შეიძლება ექვემდებარებოდეს ევროპული საქართველოს თუ ნაცმოძრაობის ლიდერების ბულინგს?! ჩემი აზრით, საბოლოოდ ეს მოჯადოებული წრე გაირღვევა და რაციონალური და სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, ისინი შემოვლენ საქართველოს პარლამენტში“, -აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.