საკანონმდებლო ორგანო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე მსჯელობას იწყებს. საპროცედურო საკითხთა კომიტეტის დღისწესრიგში აღნიშნულია, რომ კომიტეტი განიხილავს ირმა ინაშვილისთვის, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს.
პარლამენტს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის მიზნით ასევე მიმართეს: „სტრატეგია აღმაშენებელმა“, „ლელომ“, „ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებულმა ოპოზიციამ“, „ლეიბორისტულმა პარტიამ“, „ევროპულმა საქართველომ“ და ზურაბ ჯაფარიძემ. სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე პარლამენტისთვის არ მიუმართავთ პარტია „მოქალაქეებსა“ და „გირჩის“ სამ წევრს.