ახალი წლის ღამეს #2 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი არასრულწლოვანი მსჯავრდებულებისთვის საახალწო კონცერტი გაიმართა. წარმოდგენა ონლაინ რეჟიმში ჩატარდა. ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, ღონისძიებაში ჩართვის სურვილი 14-მა ხელოვანმა გამოთქვა და მათ მსჯავრდებულებს 2021 წლის დადგომა სხვადასხვა ნომრებით მიულოცეს.
"არასრულწლოვანმა მსჯავრდებულებმა საახალწლო თემაზე შესრულებული კომპოზიციები მოისმინეს, შესრულდა ქორეოგრაფიული ნომრებიც.
აღსანიშნავია, რომ იუსტიციის ყოფილი მინისტრის თეა წულუკიანის ინიციატივით, არასრულწლოვანი მსჯავრდებულები ახალ წელს ოჯახის წევრებთან ერთად, ბენდის თანხლებით აღნიშნავდნენ ხოლმე. წელს, ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, არასრულწლოვანი მსჯავრდებულებისთვის საახალწლო ღონისძიება დისტანციურ რეჟიმში ჩატარდა", - ვკითხულობთ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.