"ლეიბორისტების" ვარაუდით, მომავალი წლის ბიუჯეტში სადაზღვევო კომპანიებისთვის გათვალისწინებული 170 მილიონი ლარიდან "150 მლნ ხელისუფლების წარმომადგენლების ჯიბეებში გადაინაცვლებს".
როგორც დღევანდელ პრესკონფერენციაზე ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი გუგავამ განაცხადა, "ქვეყანაში მოქმედი სადაზღვევო კომპანიების მფლობელები ხელისუფლების წარმომადგენლები არიან და ხალხზე ზრუნვის სანაცვლოდ პირადი ინტერესებისთვის ზრუნავენ".
"სადაზღვევო კომპანია "ირაო" პრეზიდენტ სააკაშვილის ოჯახის საკუთრებაა. "ალდაგი ბისიაი" პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურს ეკუთვნის. "აისი ჯგუფად" გადაკეთებული "სახალხო დაზღვევა" ვლადიმერ გურგენიძისა და კახა ბენდუქიძის საკუთრებაა. ამ და სხვა სადაზღვევო კომპანიებისთვის მომავალი წლის ბიუჯეტში 170 მილიონი ლარი იქნება გამოყოფილი, ამ თანხიდან 150 მილიონი სადაზღვევო კომპანიების მფლობელების ჯიბეებში გადავა, რაც კორუფციის კლასიკური მაგალითია", - განაცხადა გუგავამ.
მისივე აზრით, "თუ ხელისუფლებას რეალურად უნდა მოსახლეობაზე ზრუნვა, აღნიშნული თანხები რეგიონებში უფასო საავადმყოფოების მოწყობას უნდა მოხმარდეს".