რაგბის კავშირის პრეზიდენტად ირაკლი აბუსერიძე აირჩიეს. აბუსერიძე რაგბის კავშირს მომავალი ოთხი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.
ირაკლი აბუსერიძე საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანია. ის იყო მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრი "ქართული ოცნების" სიით.
რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებზე კლუბებმა სამი კანდიდატი წარადგინეს: ბაჩო ხურციძე, ირაკლი აბუსერიძე და გოჩა სვანიძე.
"მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს ოპონენტსაც, მხარდამჭერებსაც, იმ ადამიანებსაც, ვინც მხარი არ დამიჭირა, ვინც არ გამოცხადდა. ალბათ ეს მათი ნება სურვილი იყო. გაიმარჯვა ერთიანობამ, გუნდურობამ, მორაგბეებმა და მე იმედი მაქვს, რომ ამ სულისკვეთებით გაგრძელდება ჩვენი თანამშრომლობა ყველასთან და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მზად ვარ ყველასთან თანამშრომლობისთვის. აქ არის ერთიანობა, ერთიანობა თუ არ შევინარჩუნეთ და არ გავაგრძელეთ ერთად მუშაობა, ქართული რაგბი დაზარალდება პირველ რიგში და არა რომელიმე პერსონა", - განაცხადა ირაკლი აბუსერიძემ.