საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მიმდინარე წლის ერთ-ერთი დიდ პროგრესად შეიარაღებისა და ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებების მიმართულება დაასახელა, რომელსაც ძალიან მნიშვნელოვანი როლი აკისრია ქვეყნის უსაფრთხოებისთვის.
ტელეკომპანია "იმედის" გადაცემაში "არენა" საუბრისას ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ამ კუთხით წელს თავდაცვის ძალების სრული მოდერნიზაცია დაიწყო.
ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებების კუთხით მან ებრაულ კომპანიაზე გაამახვილა ყურადღება, რომელთანაც ხელშეკრულება უკვე გაფორმდა და 1 წლის თავზე, 2021 წელს საქართველოს სრულიად განახლებული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები ექნება.
თანამედროვე შეიარაღების მიმართულებაზე საუბრისას კი, მინისტრმა აღნიშნა, რომ თანამედროვე შეიარაღების სისტემები ამერიკიდან დამატებით არის შესყიდული.
"ავითვისეთ 30 მილიონი დოლარის გრანტი, რომელიც მანამდე ინახებოდა წლების განმავლობაში 2007 წლიდან გამოუყენებელი იყო. როგორც გეგმებში ვამბობ, 2021 წელს განსაკუთრებული აქცენტი მექნება გადატანილი საბრძოლო მზადყოფნასა და შეიარაღებაზე. ჩვენ ვგეგმავთ თანამედროვე სისტემების შესყიდვას, როგორიც არის მაგალითად გადასატანი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები, ასევე, ათეულობით დრონების შეძენას ვგეგმავთ, როგორც ოპერატიულ ასევე ტაქტიკური საბრძოლო. მთელი ჯარი დაკომპლექტდება უახლესი ამერიკული შაშხანებით, ტყვიამფრქვევებით, ყუმბარმტყორცნებით", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.