საქსტატის მიერ სამუშაო ძალის სტატისტიკის მეთოდოლოგიაში ცვლილებები შევიდა.
ახალი სტანდარტით თვითდასაქმებულად აღარ ითვლებიან საკუთარ ოჯახურ მეურნეობაში მომუშავე პირები, რომლებიც არ არიან ბაზარზე ორიენტირებულები და სასოფლო სამეურნეო პროდუქციას აწარმოებენ უმთავრესად (50%-ზე მეტი) საკუთარი მოხმარებისათვის.
აღნიშნული სტატუსის მქონე პირები გადაკვალიფიცირდნენ ან უმუშევართა კატეგორიაში, ან მოსახლეობაში სამუშაო ძალის გარეთ, იმის მიხედვით, ეძებდნენ თუ არა სამუშაოს და მზად იყვნენ თუ არა სამუშაოს დასაწყებად.
ახალი სტანდარტის დანერგვით გამოწვეული მონაცემთა გადაანგარიშების შედეგად, ადრე გამოქვეყნებულ მონაცემებთან შედარებით გაიზარდა უმუშევრობის დონე და შემცირდა დასაქმების დონის მაჩვენებელი.
საქსტატის მონაცემებით, ახალი მეთოდოლოგიით ქვეყანაში უმუშევრობის დონე 17,6%-ია. ძველი მეთოდოლოგიით 11.6% იყო.
