დღეს რომ ჩატარდეს არჩევნები, "ქართული ოცნება" არათუ 48%-ს, მე ვფიქრობ, რომ ბევრად უფრო მეტს მიიღებდა. განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ პოსტივის ეთერში.
კობახიძის განცხადებით, მას ამის თქმის საშუალებას ის აძლევს, რომ ოპოზიციის ელექტორატის რაოდენობა იკლებს.
"ეს რაოდენობები [ოპოზიციური საპროტესტო აქციების მონაწილეთა] თავისთავად მეტყველებს იმაზე, თუ როგორია ოპოზიციური ელექტორატის განწყობა და მათი დამოკიდებულება იმავე ოპოზიციის მიმართ, რომელიც აირჩიეს მათ 31 ოქტომბერს. მოსახლეობის ნახევარმა მისცა ხმა ოპოზიციას და მათი დამოკიდებულება უკვე არის შეცვლილი იმ ოპოზიციის მიმართ, რომელმაც მათ იმედები რეალურად გაუცრუა. განსაკუთრებით ეს ეხება კონკრეტული პარტიების ელექტორატს, რომელიც მათი შეხედულებით იყო ნაკლებად რადიკალური და ხედავენ, რომ ისინი რადიკალურ პროცესებში არიან ჩართული.
შესაბამისად, დღეს რომ ჩატარდეს არჩევნები, "ქართული ოცნება" არათუ 48%-ს, მე ვფიქრობ, რომ ბევრად უფრო მეტს მიიღებდა ზუსტად ამ ქაოსის გათვალისწინებით, არასწორი ნაბიჯების გათვალისწინებით, რაც ოპოზიციის მხრიდან არის გადადგმული", - თქვა ირაკლი კობახიძემ.