აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შეფასებისას გამოყოფს მიღწევებსაც, თუმცა აღნიშნავს, რომ არჩევნებს ზიანი მიაყენა უამრავმა სერიოზულმა დარღვევამ.
ტელეკომპანია "ფორმულასთვის" მიცემულ ინტერვიუში დეგნანი ამბობს, რომ გასაჩივრების პროცესიც ხარვეზებით იყო სავსე. შედეგად კი ხალხმა დაკარგა ნდობა არამხოლოდ პროცესის, არამედ არჩევნების შედეგების მიმართ.
დეგნანმა ეს წამყვანის კიითხვის საპასუხოდ თქვა: არჩევნებზე და მანამდე იყო თუ არა სრულად რეალიზებული 8 მარტის შეთანხმება და მისი სულისკვეთება?
"ყველა დიდ იმედს ამყარებდა ამ არჩევნებზე. 8 მარტის შეთანხმებამ გააჩინა იმედი, რომ ეს არჩევნები იქნებოდა შანსი საქართველოს დემოკრატიული პროგრესის დემონსტრირებისთვის. მნიშვნელოვანი მიღწევა იყო ის ფაქტი, რომ წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში იყო ნაკლები აგრესია, ნაკლები სიძულვილის ენა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მაღალი აქტივობაც ასევე კარგი ნიშანი იყო თუ რამდენად არიან ქართველები დაინტერესებული დემოკრატიულ პროცესებში მონაწილეობით. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ უფრო მეტი ქალი აირჩიეს პარლამენტში და რა თქმა უნდა, ის ფაქტიც, რომ 9, ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული პარტიაც იქნა არჩეული პარლამენტში დიდი წარმატებაა საქართველოსთვის. და ნაბიჯი უფრო პროპორციული სისტემისკენ, რისი სურვილიც ქართველებმა გამოთქვეს.
მაგრამ სხვების მსგავსად ჩვენც იმედგაცრუებული დავრჩით, რადგან ამ არჩევნებს ზიანი მიაყენა უამრავმა სერიოზულმა დარღვევამ. გასაჩივრების პროცესიც, რომელიც მოყვა არჩევნებს, ასევე იყო ხარვეზებით სავსე. ბევრი საჩივარი არ იყო სრულად გამოძიებული, ან არ განიხილეს. შედეგი გახდა ის, რომ ხალხმა დაკარგა ნდობა არამხოლოდ პროცესის, არამედ არჩევნების შედეგების მიმართაც. რაც საბოლოო ჯამში ძალიან სამწუხაროა", - თქვა დეგნანმა.