მთიანი ყარაბაღის ომმა ორი მნიშვნელოვანი ფაქტი კიდევ ერთხელ დაადასტურა – რუსეთის ნდობა არ შეიძლება და პუტინის იმპერია არც ისეთი ძლევამოსილია, როგორადაც თავს გვაჩვენებს.
ყველასთვის ცნობილია, რომ თანამედროვე რუსეთი მეზობელ ქვეყნებს საკუთრებად აღიქვამს. საბჭოთა კავშირის ნოსტალგიით შეპყრობილი ავტოკრატი – პუტინი კი ნებისმიერი გზით ცდილობს, თავისუფალი სახელმწიფოები კრემლის ორბიტაზე დააბრუნოს.
ყარაბაღის განახლებულმა ომმა კრემლის ორმაგი სტანდარტები კიდევ ერთხელ ამხილა. სომხეთი, რომელსაც ოფიციალური მოსკოვი მეკავშირეობას ეფიცებოდა, აზერბაიჯანის პირისპირ, ფაქტობრივად, მარტო აღმოჩნდა. არადა, ყველას გვახსოვს, უკრაინის მაიდანის მოვლენების პარალელურად, რამხელა ზეწოლის ქვეშ ამყოფებდა ოფიციალური მოსკოვი სომხეთის მაშინდელ პრეზიდენტს, სერჟ სარქისიანს. პუტინის პრეტენზია სარქისიანთან იგივე იყო, რაც იანუკოვიჩის შემთხვევაში – ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე უარის თქმა. მაშინ პუტინი ბაქოსაც კი ესტუმრა იარაღის მიყიდვის თემაზე სასაუბროდ. ეს მკაფიო სიგნალი იყო სომხეთის ხელისუფალისთვის, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში დასავლეთისკენ სწრაფვა დასჯადია. საბოლოოდ, მოსკოვმა სომხეთის დამორჩილება მოახერხა, პრეზიდენტმა სარქისიანმა ხალხი დაარწმუნა, რომ ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობით მიღებულ ეკონომიკურ სარგებელზე მნიშვნელოვანი კრემლის მიერ დაპირებული უსაფრთხოების გარანტია იყო. ყარაბაღის თემით მანიპულირებამ შედეგი გამოიღო და სომხებმაც „დიდი ძმის“ მხარდაჭერა აირჩიეს.
თუმცა, სამხრეთ კავკასიაში ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ რუსეთის ნდობა არსად და არცერთ სიტუაციაში არ შეიძლება. თავის დროზე ეკონომიკურ კეთილდღეობაზე, დასავლეთთან ინტეგრაციასა და განვითარებაზე ნათქვამი უარი სომხეთმა ახლა საკუთარ თავზე იწვნია.
აქვე აუცილებლად უნდა გავიხსენოთ, რომ ვლადიმერ პუტინი „ფერად რევოლუციებს“ სასიკვდილო ცოდვად აღიქვამს. ამიტომაც, რევოლუციის გზით ხელისუფლებაში მოსული სომხეთის პრემიერისადმი მისი უარყოფითი დამოკიდებულება არავისთვის ყოფილა საიდუმლო. ფაშინიანი ქვეყანაში დასავლური რეფორმების გატარებასაც შეეცადა, სწორედ ამიტომ, მოსკოვი ძალის დემონსტრირებისთვის ხელსაყრელ დროს ელოდებოდა. მოკლედ, რუსეთი დაპირებებს არასდროს ასრულებს და ახლაც, გაჩაღებული ომის პირობებში, სომხეთისთვის ბევრი არაფერი გაუკეთებია.
პარალელურად, კორონავირუსის გლობალურმა პანდემიამ რუსეთის ეკონომიკას მძიმე დარტყმა მიაყენა, შიდა პრობლემებმა კი კრემლის საგარეო პოლიტიკური აქტივობები მნიშვნელოვნად შეასუსტა. საინტერესოა, რომ „ყოვლისშემძლე“ მოსკოვის შეიარაღებას – ტანკებს, არტილერიასა და ყველაფერ იმას, რასაც სომხეთი ყარაბაღში თავის დასაცავად ეყრდნობოდა, აზერბაიჯანი დრონების გამოყენებით სისტემურად ანადგურებდა. აზერბაიჯანმა პოზიციები ბოლომდე არ დათმო, მართალია, ოფიციალური განმარტებით ეს შემთხვევითობა იყო, თუმცა მათ რუსული ვერტმფრენიც კი ჩამოაგდეს.
ყარაბაღის კონფლიქტში, რომელშიც საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ კრემლი დომინანტ ძალად პოზიციონირებდა, ახლა ერთ-ერთ აქტორად თურქეთიც მოგვევლინა. როგორც ჩანს, მოსკოვი სამეზობლოში მოვლენებს ვეღარ აკონტროლებს, ამიტომაც, უკან დახევა ამჯობინა. კრემლი რომ ისეთ გავლენას ფლობდეს, როგორიც პუტინის გადაჭარბებულ შეფასებებში გხვდება, აზერბაიჯანი სამხედრო კონფრონტაციისგან თავს შეიკავებდა, მაგრამ დიადი რუსეთის აღარავის ეშინია.
ყარაბაღში განვითარებული მოვლენების შემდეგ კიდევ უფრო ნათელი გახდა, რომ რუსეთთან მეკავშირეობა უფრო დამაზიანებელია, ვიდრე – დასავლეთთან ინტეგრაცია, თუნდაც, პუტინის მუქარებისა და პოტენციური შურისძიების ფონზე. ამას ყველაზე კარგად მთიანი ყარაბაღის ომში წაგებული სომხეთის გამოცდილება მოწმობს, რომელსაც თავი მოსკოვის პარტნიორი ეგონა და, საბოლოოდ, დაპირებული უსაფრთხოება ვერ მიიღო.
გურამ მაჭარაშვილი