საპარლამენტო უმრავლესობის წევრებსა და პრეზიდენტ სააკაშვილის შეხვედრაზე ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი ეკონომიკის ლიბერალიზაციისათვის განსახორციელებელი ღონისძიებები იყო.
ამის შესახებ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი მელაძემ განაცხადა.
მისი თქმით, კონკრეტული ღონისძიბები უნდა გატარდეს როგორც საკანონმდებლო ისე აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან.
"კონკრეტულად რომ ვისაუბროთ, ეს არის პრეზიდენტის ინიციატივები, რომელიც უკვე გაჟღერდა. ეს არის დღგ-ს დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხი, ასევე ეკონომიკური ქარტია. ამ საკითხების რეალიზება ხდება უკვე. პარლამენტში შემოსულია საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლის განხილვაც დაწყებულია", _ განაცხადა გიორგი მელაძემ.
პრეზიდენტმა მმართველ გუნდს ყატარში ვიზიტის შედეგებიც გააცნო. უახლოეს მომავალში იგეგმება ყატარიდან ბიზნესდელეგაციის ვიზიტი, რომლებიც საქართველოში ინვესტიციების განხორციელებას გეგმავენ.