2021 წლის გამოწვევა იქნება ხვალინდელი საქართველოს - ხვალინდელ მსოფლიოში ადგილის დასახვა, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრის, „ელჩების კონფერენცია 2020"-ის გახსნის ცერემონიაზე.
მისი თქმით, საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, დღევანდელი ამოცანა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ამ მოვლენებს ზუსტი შეფასება მისცეს და მასზე სწორებით, დაისახოს პრიორიტეტები.
„პირველ რიგში ეს ნიშნავს, რომ უნდა ვეცადოთ და გავარკვიოთ ამ ტენდენციებიდან, რომელიც ჩამოვთვალე, რომელი არის დროებითი და „გაივლის“ და მსოფლიო ისევ ჩადგება ჩვეულ კალაპოტში, და რომელი გრძელვადიანი, რომელიც გათვალისწიენებულ უნდა იყოს მომავლისათვის რათა ჩვენ კარგად დავსახოთ ჩვენი პრიორიტეტები.
მაგალითად რომ ავიღოთ ის სფერო, რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია - ტურიზმის სექტორი, ნათელია, რომ ეს დარგი გაცოცხლდება. თუმცა, არ ვიცით როდის - მომავალ ზაფხულს? შემდეგ წელს?...- და როგორ? - იმავე ფორმით? თუ მოსაძებნია ახალი მიმართულებები, რომლებიც ტურისტულ სექტორს მისცემს მეტ მგრადობას და კონკურენტუნარიანობას“, - თქვა პრეზიდენტმა.