ჩვენმა ქვეყანამ ძალიან დიდი დარტყმა მიიღო იმ მხრივ, რომ პანდემია პირდაპირ შეებრძოლა ჩვენს ერთ-ერთ ღირებულებას - სტუმართმასპინძლობას, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრის, "ელჩების კონფერენცია 2020"-ის გახსნის ცერემონიაზე.
კონფერენციაზე, რომელიც ონლაინფორმატში იმართება, პრეზიდენტმა პანდემიით გამოწვეულ გამოწვევებზე, ქვეყნის წინაშე არსებულ ამოცანებსა და ამ პროცესებში დიპლომატთა როლზე ისაუბრა.
"პანდემიამ ასევე სრულიად შეცვალა ადამიანური ურთიერთობები: შიში, აგრესია, იზოლაცია, დეპრესიული ფონი, ეს ყველაფერი თან ახლავს პანდემიას. ჩვენმა ქვეყანამ ძალიან დიდი დარტყმა მიიღო იმ მხრივ, რომ პანდემია პირდაპირ შეებრძოლა ჩვენს ერთ-ერთ ღირებულებას - სტუმართმასპინძლობას. მაგრამ, ამასაც გადავლახავთ. სამაგიეროდ გვაჩვენა, რომ ჩვენი ზოგიერთი სხვა ღირებულება, არამხოლოდ ჩვენი, საკაცობრიო პრინციპები, არის ძალიან საჭირო პანდემიასთან ბრძოლაში, ეს არის - სოლიდარობა, აღმოვაჩინეთ რომ ქვეყანათაშორის სოლიდარობის გარეშე გადარჩენა შეუძლებელია. აღმოვაჩინეთ ასევე თანასწორობა და რომ ეს პრინციპი ვრცელდება ყველაფერზე. პანდემია ვრცელდება ყველაზე, იმის მიუხედავად თუ ვინ არის", - თქვა პრეზიდენტმა.