საქართველოს პარლამენტის წევრი, ტურიზმის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ დირექტორს ჰანს კლუგესთან შეხვედრას აფასებს.
მარიამ ქვრივიშვილის თქმით, კლუგემ პოზიტიურად შეაფასა საქართველოს ინოვაციური პროექტი - კოვიდსასტუმროების პრაქტიკა.
"შეხვედრა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპის რეგიონული ოფისის დირექტორთან - ჰანს ჰენრი კლუგესთან. არ შემიძლია არ ავღნიშნო, რომ სხვა ბევრ ძალიან მნიშვნელოვან საკითხთან ერთად შეხვედრისას ძალიან პოზიტიურად შეფასდა საქართველოს ინოვაციური პროექტი (თავად ასე მოიხსენია) - სასტუმროების ინფრასტრუქტურის გამოყენება საიზოლაციო პირობების შესაქმნელად და კოვიდ-19ის მკურნალობის მიზნით.
ვიზიტის განმავლობაში თავად ესტუმრა ერთ-ერთ სასტუმროს, საიდანაც განაცხადა, რომ სხვა ქვეყნებს უწევს რეკომენდაციას საქართველოს მაგალითზე დანერგონ კოვიდ-სასტუმროების პრაქტიკა რაც საავადმყოფოებზე დატვირთვას საგრძნობლად შეამსუბუქებს. ასეთი პოზიტიური შეფასებები კი სასტუმროების თითოეული თანამშრომლის, ჯანდაცვის სამინისტროსა და ტურიზმის ადმინისტრაციის უდიდესი შრომის შედეგია", - წერს ქვრივიშვილი სოციალურ ქსელში.