კარგი გაგებით, არ მოგასვენებთ თქვენ და თქვენს მოადგილეებს, ეს მინდა, წინასწარ მომიტევოთ, - მიმართა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატს, ნათია თურნავას ავტოსაშუალებების სავალდებულო ტექდათვალიერებასთან დაკავშირებით.
"სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ ავტოტრანსპორტის ტექდათვალიერების პროგრამა უკეთესის სურვილს ტოვებს. ახლაც, ჩვენ რომ ავდგეთ და წავიდეთ, შეიძლება ვნახოთ რამდენიმე ადგილი, სადაც ე.წ. "ტეხასმოტრს" აძლევენ და მანქანა გამოდის ისევ არასასურველ მდგომარეობაში, აბინძურებს გარემოს. ამ მიმართულებით ძალიან დიდი ხარვეზი გვაქვს. ასევე, არსებობს კონკრეტული ჯგუფები, ვინც აქირავებს ამა თუ იმ მოწყობილობებს ერთი საათით იმ ავტოტრანსპორტისთვის, ვისაც ტექდათვალიერების გავლა სურს, ტექდათვალიერების გავლის შემდეგ კი ეს მოქალაქეები ამ მოწყობილობებს პატრონს უბრუნებენ და ეს მანქანები კვლავ გაუმართავია. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს პრობლემა მინიმუმამდე იყოს დაყვანილი, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს კვლავ გამოწვევად რჩება. მე ვიქნები ერთ-ერთი ლობისტი, რომ ბიზნესმა თქვენთან მაქსიმალურად კონტაქტი დაამყაროს და თან ეფექტიანად. აქამდეც იყო, თუმცა, უფრო გავაძლიეროთ. კარგი გაგებით, არ მოგასვენებთ თქვენ და თქვენს მოადგილეებს, ეს მინდა, წინასწარ მომიტევოთ", - თქვა ზარქუამ.