"პატრიოტთა ალიანსმა" პარლამენტს სადეპუტატო მანდატების გაუქმების მოთხოვნით მიმართა. ამის შესახებ "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა, ირმა ინაშვილმა განაცხადა.
ინაშვილის განცხადებით, "პატრიოტთა ალიანსი" ქვეყანაში სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად ბრძოლას გააგრძელებს.
მისივე თქმით, პარტია ამ ბრძოლაში დამოუკიდებლად მოქმედებს და საკუთარი სტრატეგია აქვს.
"არაერთი ფაქტი და მტკიცებულება არსებობს იმისა, რომ არჩევნები გაყალბდა. ჩვენ ხაზს ვუსვამდით იმას, რომ ამისი დამადასტურებელი ფაქტობრივი მასალა არსებობს და გადახედონ იმ გადასწორებულ, სამარცხვინო ოქმებს, რომლებიც თავის დროზე ცესკო-მ გამოფინა. შესაბამისად, ჩვენი პოლიტიკური პარტია ამ ვითარებაში მუდმივად უსვამდა ხაზს იმას, რომ ჩვენ არ შევალთ პარლამენტში. ჩვენ ვამბობდით და დღესაც ვამბობთ, რომ ვმოქმედებთ დამოუკიდებლად, ჩვენ გვაქვს ჩვენი მოქმედების სტრატეგია და ტაქტიკა. მივყვებით ჩვენს დამოუკიდებელ გზას და ჩვენი ყველა ნაბიჯი იქნება ზნეობრივი და სამართლიანი. ჩვენ არ ვიბრძოდით იმისთვის, რომ საქართველოში არჩევნების უზურპაცია მომხდარიყო. ჩვენ ვიბრძოდით იმისთვის, რომ ქვეყანაში თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნებისთვის მიგვეღწია. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამას აუცილებლად მივაღწევთ. დღეს ამ განცხადებას შევიტანთ პარლამენტში, მანდატებს ვტოვებთ", - განაცხადა ინაშვილმა.
შეგახსენებთ, ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც ცენტრალური საარჩევნო კომიციის ინფორმაციით, საარჩევნო ბარიერი გადალახეს, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და უარს ამბობენ სადეპუტატო მანდეტებზე.