საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა დასრულდა.
პრეზიდენტმა საპარლამენტო უმრავლესობასთან საშინაო და საგარეო პოლიტიკაში მიმდინარე პროცესები განიხილა.
როგორც შეხვედრის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერებმა განაცხადეს, შეხვედრაზე განიხილეს სავიზო რეჟიმის გამარტივების საკითხები, ეკონომიკური ლიბერალიზაცია და თვითმმართველობის არჩევნები.
"საგარეო პოლიტიკის საკითხებიდან განვიხილეთ გამარტივებული სავიზო რეჟიმი ევროკავშირთან. შეთანხმება ამ საკითხზე უკვე საბოლოო სტადიაშია. ასევე განვიხილეთ ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ვიზიტი. ვფიქრობთ, რომ მისია კიდევ უფრო აქტიური უნდა გახდეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, შესაბამისად, ევროპის ქვეყნებმა ეს მექანიზმი მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს", _ განაცხადა უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, პავლე კუბლაშვილმა.