ნაციონალური მოძრაობის ლიდერის ნიკა მელიას ინფორმაციით, 2021 წლის გაზაფხულისთვის სამოქალაქო საპროტესტო მოძრაობისთვის მზადებას იწყებენ.
როგორც მელიას ფორმულას ეთერში განაცხადა, მმართველი გუნდის ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს მოუწევს არჩევნების დანიშვნა, რადგან ეს საზოგადოების დაკვეთაა.
"ახალ არჩევნებს თუ დანიშნავს, კრიზისი განიმუხტება, თუ არ დანიშნავს მანამ იქნება კრიზისი, სანამ ახალი არჩევნები არ დაინიშნება. გარწმუნებთ, რომ ახალი არჩევნები დაინიშნება, მიუხედავად იმისა, ივანიშვილი დანიშნავს, თუ არა.
თუ არ დანიშნავს, საზოგადოება აუცილებლად დაანიშნინებს ახალ არჩევნებს. ჩვენ დავიწყებთ სამოქალაქო საპროტესტო მოძრაობის მზადებას გაზაფხულისთვის და ვნახოთ ერთი, აბა, რამდენად შეძლებს ბიძინა ივანიშვილი არჩევნების არ დანიშვნას", - განაცხადა მელიამ.
ოპოზიციური პარტიები 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ითხოვენ, მანამდე კი ბოიკოტის რეჟიმში არიან.