შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, ივნისიდან აგვისტოს ჩათვლით, მაშველებმა 346 მოქალაქის სიცოცხლე გადაარჩინეს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ვახტანგ გომელაურმა სამინისტროს მიერ 2020 წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის ანგარიში წარდგენისას განაცხადა.
მისი თქმით, პანდემიასთან ბრძოლის პარალელურად, მაშველები განაგრძობდნენ ხანძრებთან, სტიქიებთან თუ უბედურ შემთხვევებთან ეფექტიან ბრძოლას.
"ყველას ახსოვს რაჭის სტიქია. მეხანძრე-მაშველებმა სტიქიის ზონიდან გამოიყვანეს 706 მოქალაქე, ააგეს დროებითი საბაგირო გზები, რომელთა დახმარებითაც ხდებოდა მედიკამენტებისა და პროდუქტის მიწოდება.
წელს მეხანძრე-მაშველებმა ჩააქრეს რამდენიმე ათეული ტყის ხანძარი. სირთულით გამოირჩეოდა სვანეთში გაჩენილი ხანძრები. იყო შემთხვევები, როცა, რთული რელიეფის გამო, კერებთან სახანძრო სპეცტექნიკის მისვლა ვერ ხერხდებოდა და ჩვენი მეხანძრე-მაშველები, ხშირ შემთხვევაში, სამთო აღჭურვილობის გამოყენებით, ქვეითად მიდიოდნენ ცეცხლთან და დღე-ღამის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მუშაობდნენ.
წელს გვქონდა რამდენიმე ბაზრობის ხანძარი. მათ შორის ლილოში, ელიავაზე, წერეთელზე და ვარკეთილში. ეს უკანასკნელი განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენდა. იყო ავტოგასამართი სადგურის აფეთქების და ხანძრის საცხოვრებელ კორპუსზე გადასვლის საფრთხე. მეხანძრე-მაშველებმა საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად მოახერხეს ხანძრის ჩაქრობა.
შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, ივნისიდან აგვისტოს ჩათვლით, მაშველებმა გადაარჩინეს 346 მოქალაქის სიცოცხლე.
მინდა დიდი მადლობა გადავუხადო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს და თითოეულ მეხანძრე-მაშველს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დანაყოფი, რომლის დისტანციურად მუშაობა წარმოუდგენელია, არის ჩვენი სასაზღვრო პოლიცია", - განაცხადა გომელაურმა.